სოფელი მუხურა, რომელიც გარესამყაროს მოწყვეტილია | Allnews.Ge

სოფელი მუხურა, რომელიც გარესამყაროს მოწყვეტილია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი მუხურა რამდენიმე დღეა გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივების განცხადებით 5 დღეა გადაუღებლად თოვს, ხოლო გზა 20 იანვრიდანაა ჩაკეტილი. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი თერჯოლის რაიონიდან, ისიც მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

მოსახლეობის ინფორმაციით, ამ დრომდე არ გაწმენდილა შიდა სასოფლო გზები და გადაადგილება უბნებში პრობლემატურია. მიუხედავად, რთული კლიმატური ვითარებისა სოფელში ელექტროენერგია არ გათიშულა. არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესიც, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.

"უბნები ჩაკეტილი და პარალიზებულია, სასწრაფოს მანქანები საჭიროების შემთხვევაში ვერ ახერხებენ შემოსვლას. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს სოფელში, დავუკავშირდი და ვთხოვე რაღაც გზები მოგვეძებნა, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ სოფლის რელიეფიდან გამომდინარე ვერ ხერხდება გზების გაწმენდა.

საკვების მარაგი ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არის, თუმცა, თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 5-6 დღე, საკვების მარაგიც ამოიწურება. მედიკამენტების საჭიროებაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ 4 დღის წინ სასწრაფო გამოვიძახეთ და ვერ მოვიდა ადგილზე. მოახერხა მხოლოდ სოფლის შემოსასვლელამდე მოსვლა, იქედან კი 4 კმ პაციენტი ხელით ვატარე" - აღნიშნა სოფელ მუხურის მცხოვრებმა, გიორგი კირკიტაძემ.