რა მოსწონთ საქართველოში აქ მცხოვრებ უცხოელებს | Allnews.Ge

რა მოსწონთ საქართველოში აქ მცხოვრებ უცხოელებს

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში 92 560 იმიგრანტია რეგისტრირებული. მათგან 4 046 ადამიანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაა. იმიგრანტების დასაქმების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა — 1714 ადამიანი

ვაჭრობა — 1468 ადამიანი

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 501 ადამიანი

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 471 ადამიანი

სასტუმროები და რესტორნები — 460 ადამიანი

განათლება — 192 ადამიანი.

საინტერესოა, რას გრძნობენ ან რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. ან რა ფაქტორები განაპირობებენ გადაწყვეტილებას, რომ შენს ახალ სამშობლოდ საქართველო აირჩიო? Allnews.ge ამ საკითხებით დაინტერესდა და პასუხების მისაღებად საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე უცხოელს ესაბურა.

ზოე პერე, 33 წლის: "2006 წელს საფრანგეთში კავკასიის ხალხთა ფესტივალი იყო და იქ გავიცანი საქართველო. იმ პერიოდში ეთნომუსიკოლოგიაზე ვსწავლობდი და ქართული მრავალხმიანობა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო. იმ წელსვე ჩამოვედი საქართველოში და ერთი წლით დარჩენა გადავწყვიტე. მას შემდეგ კიდევ ერთ წელს ვამატებ ხოლმე და აი უკევ ათი წელია საქართველოში ვარ.

ფრანგი გოგონას ქართული ბიზნესი - ზოე საქართველოსა და ქართველებზე

ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან. ქართულ ხალხურ ანსამბლ "იალონში" ვმღერი და უკვე 2 წელზე მეტია, მაქვს ჩემი ბარი "ზოესთან". უპირველესად, სიმღერის გამო დავრჩი საქართველოში და ეს ბარიც ამიტომ გავხსენი. მინდოდა, საზოგადოებისთვის ქართული ხალხური მუსიკა არატრადიციულ გარემოში მიმეწოდებინა. ქვეყანაში ბევრი სტერეოტიპია და მინდა ეს შეიცვალოს.

ვისურვებდი, უმცირესობები მეტად მიღებულები იყვნენ ფართო საზოგადოებაში. თუმცა ქვეყანა ძალიან კულტურულია და ბევრი ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს.

სამწუხაროდ, თაობები საფრანგეთში ძალიან გაყოფილია. საქართველოში კი ასე არაა, ქართველები მეტად ხელგაშლილები არიან და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არიან. თუმცა, მათ საკუთარი თვისებების გადაჭარბებით შეფასება და სხვების არდაფასება უყვართ. ეს ნამდვილად არ მომწონს და მინდა საკუთართან ერთად, სხვების დაფასებაც იცოდნენ.

ბიზნესის კეთებაც ძალიან მარტივია ქვეყანაში.

პროცედურების უმეტესობა ელექტრონულია. საფრანგეთში ელექტრონული სერვისები ამ დონეზე ნამდვილად არაა განვითარებული. საქართველოში ჩამომსველებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა. ასევე, გაითვალისწინონ, რომ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სიურპრიზებისთვის მზად იყვნენ."

დარია ხოლოდილინა, 27 წლის: "დონეცკში, უკრაინაში მივიღე განათლება, შემდეგ კი იზმირში, ბერლინსა და ბონში ვცხოვრობდი. საბოლოოდ საქართველოში დასახლება გადავწყვიტე. აქ პირველად 2012 წელს ჩამოვედი ერთი კვირით. ბერლინში გაცნობილ მეგობრებს ვესტუმრე. შემდეგ 2013 წელს ივნისსა და აგვისტოში ჩამოვედი. საბოლოოდ კი 2013 წლის ნოემბერში გადმოვედი.

2014 წლის მარტიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში ვმუშაობ. მანამდე სტაჟიორი ვიყავი. 2016 წელს GEM Fest–ის ოგანიზატორთა ჯგუფშიც ვიყავი. ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა.

საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, რადგან ძალიან მომეწონა გარემო, თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს. ქვეყანაში პერსპექტივაა, რომელიც გარემოს, ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ძალიან მომწონს ბუნება და არ მომწონს ის ხალხი, ვინც ამ ბუნებას აზიანებს. ასევე, არ მომწონს ის ხალხი, ვინც თვრება და ამბობს რომ ამას ქვეყნისთვის აკეთებს. ზოგადად, ხალხი ძალიან მარტივად საურთიერთობო და გულწრფელია. იმედი მაქვს, მალე გააცნობიერებენ, რომ აურზაური და გარემოს დაბინძურება ცუდია.

უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, ვურჩევ მოემზადონ, რომ ბევრის ჭამა, დალევა და მანქანის მართვა მოუწევთ. ან ფეხით უნდა იარონ ბევრი. იცოდნენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, მაგრამ ამ ბიზნესის წარმატებით ოპერირებისთვის საჭიროა, რომ ქართული ენა ესმოდეთ ან სანდო ქართველი პარტნიორი ჰყავდეთ. ასევე, გაითვალისწინონ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 7 000-მდე უცხოელი სტუდენტია

დომინიკ ცაგარა, 29 წლის: "საქართველოში პირველად 2007 წელს ჩამოვედი, როგორც ტურისტი. საერთო ჯამში 5 წელი ვიცხოვრე ამ ქვეყანაში. თუმცა მქონდა პაუზებიც, როცა სამშობლოშო ვცხოვრობდი. 2011 წელს მასწავლებელთა გაცვლით პროგრამაში ვმონაწილეობდი და მესტიაში ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი. შემდეგ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ახლა ჟურნალიტად ვმუშაობ.

კავკასიის რეგიონის მიმართ ძლიერი პროფესიული ინტერესი მქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ცხოვრება. თბილისი ხომ კავკასიის ცენტრია. ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშეს ქართველმა მეგობრებმა და კოლეგებმა.

ქართველებს ბევრი კარგი თვისება აქვთ. განსაკუთრებით მომწონს სპონტანურობა და მიზანსწრაფულობა.

არ მომწონს ქართველების გადაჭარბებული სიამაყე და მათი უღიმღამობა

ასევე არ მომწონს სისუფთავის ხარისხი.

ყველას ვინც საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს, ვურჩევ რომ ქართული ისწავლონ. ეს დაეხმარებათ, რომ საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირდნენ და დასაქმდნენ."

იმიგრაციის კანონი

რა რეგულაციები მოქმედებს საქართველოში უცხოელებისთვის ცხოვრების უფლების კუთხით? როგორც გავარკვიეთ, საქართველოში იმიგრაციის კანონი და ვიზის გაცემის პროცედურები 2014 წელს შეიცვალა. ოფიციალური პირების განმარტებით, შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას წარმოადგენდა არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლა, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და მათი შესრულების მიზნით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვა.

საჭირო ცვლილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, აუცილებელი გახდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაძევების ქმედითი მექანიზმების შემოღება, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. კანონი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნას.

ქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

2014 წლამდე საქართველოს ვიზები, ძირითადად, გაიცემოდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, რაც მრავალ სირთულეს ქმნის უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირების კუთხით. კანონის ცვლილების შემდეგ, აღნიშნული პრაქტიკა შეიცვალა და საქართველოს ვიზების გაცემა, ძირითადად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავიზო განაცხადების ეფექტიანი განხილვისა და მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას.

ახალი კანონის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს. კერძოდ, ინვესტორს შეუძლია, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ნებისმიერი ტიპის ვიზით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის.

ნანა მღებრიშვილი

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Foreigners living in Georgia: Likes and dislikes

myquiz