ერთიანი ეროვნული გამოცდების 2017 წლის საგამოცდო პროგრამა ცნობილია | Allnews.Ge

ერთიანი ეროვნული გამოცდების 2017 წლის საგამოცდო პროგრამა ცნობილია

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა უკვე ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტები რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას 2017 წლის საგამოცდო პროგრამაში არ უნდა ელოდონ. თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ რადიო "პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ძირითადი ცვლილება უცხო ენის საგამოცდო პროგრამას შეეხო. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გარკვეული ცვლილებები გეოგრაფიისა და ხელოვნების საგამოცდო პროგრამაშიც შევიდა.

"ყოველ წელს ხდება საგამოცდო პროგრამის დამტკიცება, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დგება ეს პროგრამა და შემდეგ ხდება მისი დამტკიცება. ეს უზრუნველყოფს ყველა იმ ცვლილების ასახვას, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს. წელს უცხო ენებში გვექნება რამდენიმე ცვლილება. ტესტის ფორმატთან და მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით. თუმცა, რაიმე პრინციპული ცვლილებები არ არის", - განმარტა ივა მინდაძემ.

არსებულ საგამოცდო პროგრამას განათლების ექსპერტები აფასებე. შალვა ტაბატაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არსებული სისტემა მუშაობს, თუმცა, იგი არ იძლევა აბიტურიენტების უნარ-ჩვევების სიღრმისეული შემოწმების საშულებას.

"მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო სისტემა ორიენტირებულია სააზროვნო დავალებაზე, ტესტირების ფორმატი მაინც ვერ გაზომავს ბევრ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას. ეს თავად ტესტირების პრობლემაა. გამოცდა მაქსიმუმ 5 საგანში ტარდება, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს ძალიან ბევრ საგნობრივ ჯგუფს, შესაბამისად, ხდება მცირე ნაწილის შემოწმება. ასევე, თავად ტესტი ვერ გაზომავს ზეპირმეტყველების უნარებს, რიტორიკისა, პრეზენტაციის, პროექტებსა და გუნდური მუშაობის უნარებს", - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.

განათლების ექსპერტ თამარ მოსიაშვილის მოსაზრებით კი, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პროცესს ართულებს ის, რომ მოსწავლეებს ბევრი გამოცდის ჩაბარება უწევთ:

"ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარება უწევთ მოსწავლეებს.

დაწყებული საატესტატო და დამთავრებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით. მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ როგორმე ვიზრუნოთ არა ტესტირების სისტების გაძლიერებაზე, არამედ სკოლების გაძლიერებაზე და უნივერსიტეტებსაც ვკითხოთ, როგორი ტიპის სტუდენტები უნდათ მათ. ძალიან ბევრი გამოცდების ჩაბარება ართულებს საგამოცდო პროცესს".

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვანი ცვლილება ერთიან ეროვნულ საგამოცდო სისტემაში გასულ წელს შევიდა. ეს იყო პროცესის ნახევრად ელექტრონული პრინციპით ჩატარება. საგამოცდო ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, 2017 წელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული სისტემით ჩატარდება. რაც შეეხება აბიტურიენტთა რეგისტრაციას, ჯერ უცნობია წელს როდის დაიწყება.

ნარიტა ჩხაიძე