ბენზინგასამართ სადგურებში ყველა ტიპის საწვავი ძვირდება | Allnews.Ge

ბენზინგასამართ სადგურებში ყველა ტიპის საწვავი ძვირდება

ბენზინგასამართ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავზე ფასები დაახლოებით ერთი კვირაა, იზრდება. ღირებულებამ დღეისთვის, თითქმის, ყველა ქსელში 5 თეთრით მოიმატა.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლები, საწვავზე ფასის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და ვალუტის გაცვლით კურსს უკავშირებენ. კომპანია "ვისოლის" ინფორმაციით, ყველა ტიპის საწვავზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა, იგივე ტენდენცია შეინიშნება "გალფის" ქსელშიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს კონკრეტული მიზეზების დასახელება უჭირთ.

ნავთობკომპანია "ლუკოილ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, შავლეგ მიშველაძის თქმით, საწვავის ღირებულების ზრდა ყოველთვის ერთსა და იმავეს საერთაშორისო ბაზარსა და ვალუტის კურსს უკავშირდებოდა.

"პროგნოზის გაკეთება არასერიოზული იქნება, რადგან, საწვავის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობმომპოვებელი ორგანიზაციების გადაწყვეტილებებსა და ვალუტის კურსზე," - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი, ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებას, საერთაშორისო ბაზარზე შავი ოქროს ღირებულებასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინები არსებობს, რამაც, შესაძლოა, საწავავის ღირებულების ზრდა შეაფერხოს.

"ეს პროცესები არაპროგნოზირებადია, მაგრამ იმის მოლოდინები მაინც გვაქვს, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს.

იმის ნეგატიურად შეფასება, რომ შესაძლოა, საწვავზე ფასმა მოიმატოს, მომავლისთვის გადავდოთ, უბრალოდ, დაველოდოთ პროცესების განვითარებასა და ვითარების ცვლილებას," - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

"როიტერის" ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება, დღეის მონაცემებით, 54,42$-ია. აღსანიშნავია, რომ ე.წ შავის ოქროს ფასის ზრდის ტენდენცია 2016 წლის აგვისტოდან შეინიშნება, როცა ღირებულება 25%-ით გაიზარდა და "ბრენტის" ტიპის ნავთობზე 51$-ს მიაღწია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz