თბილისში უსაფრთხოების ახალი კუნძულები მოეწყობა | Allnews.Ge

თბილისში უსაფრთხოების ახალი კუნძულები მოეწყობა

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ახალი უსაფრთხოების კუნძული გაკეთდება.

როგორც Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა მოძრაობას უფრო ორგანიზებულს და უსაფრთხოს გახდის.

"უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება სანაპიროდან ვახუშტის ხიდის ასასვლელი ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა იყოს ბევრად უფრო უსაფთხო. კიდევ ერთი "კუნძულის" მოწყობა გვინდა პეკინის ქუჩისა და 26 მაისის მოედანის მიმდებარედ".

-მსგავსი ტიპის კუნძული მოეწყო სააკაძის მოედანზე, მძღოლების ერთი ნაწილი ამით უკმაყოფილოა, რადგან მათი თქმით, ეს მოძრაობას აფერხებს და საცობს ქმნის..

-სააკაძის მოედანზე მოწყობილმა "კვანძმა" სიტუაცია გააუმჯობესა იმ კუთხით, რომ მოძრაობა არის ბევრად უფრო ორგანიზებული და უსაფრთხოების კუთხით ბევრად უფრო მოწესრიგებული იმიტომ, რომ ამ კვანძის მოწყობის შემდეგ, არცერთი ავარია არ ყოფილა ამ ადგილებში.

რაც შეეხება პიკის საათებში არსებულ შეფერხებას, შეფერხება მანამდეც იყო და ახლაც არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, რომ ამ ადგილებში საცობი არის მოძრავი და არ დგას, ანუ ავტომობილები 5 წუთი და მეტი დროის განმავლობაში უმოძრაო მდგომარეობაში არ იმყოფებიან. თუმცა წინა პერიოდთან შედარებით, სააკაძის მოედანზე მოძრაობის მხრივ მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz