სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები | Allnews.Ge

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

რესტორანში, კაფეში, პაბში ან მსგავს დაწესებულებაში სტუმრობისას, სუფრაზე არსებული პროდუქტების ნაწილს, უმეტეს შემთხვევაში ვტოვებთ. ალბათ, დაინტერესებულხართ, რა ბედი ეწევა მზა კერძებს, რომლებიც ხელუხლებელი დავტოვეთ. ამის გასარკვევად Allnews.ge სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელს, რამდენიმე რესტორანს, ბარს, კაფესა და კლუბს დაუკავშირდა.

მათი წარმომადგენლების განმარტებით, სტუმრების წასვლის შემდეგ დარჩენილი, მზა კერძების გადაყრა ან პერსონალის მიერ დაგემოვნება ხდება, ზოგ შემთხვევაში კი, პროდუქტები თავად სტუმრებს მიაქვთ.

სასტუმროების და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში მორჩენილ პროდუქტებს სხვადასხვაგვარი გამოყენება აქვს.

"საქართველოში, როდესაც რესტორანში სუფრა იშლება საკვები პროდუქტების მინიმუმ 60% მაინც რჩება.

გადამუშავებულ, უკვე გამოყენებულ ზეთს, კომპანიები წარმოებაში იყენებენ, რადგან მისი წვა და სითბოს გამოყოფა ხდება. ამ ზეთის საშუალებით, მაგალითად, სათბურებს ათბობენ." - განმარტავს ის.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, ზოგიერთი სასტუმრო და რესტორანი ადამიანებთან თანამშრომლობს, რომელთაც მორჩენილი პროდუქტები ფერმებში მიაქვთ და ცხოველებს კვებავენ.

"რაც შეეხება დარჩენილი საკვები პროდუქტების ქველმოქმედების მიზნით გამოყენებას, ეს ძირითადად ერთჯერადი აქციით ხდება და ამას პერმანენტული სახე არ აქვს," - აღნიშნავს სასტუმროების და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი.

Allnews.ge სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც დაინტერესდა. როგორც გაირკვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველ წელს 218 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვები რჩება, მათ შორის დიდი წილი რესტორნებსაც აქვთ.

მორჩენილი საკვები პროდუქტების ნაწილი პერსონალის ან ძაღლების გამოსაკვებად გამოიყენება.

დიდ ბრიტანეთში სპეციალური აპლიკაცია Too Good To Go შეიქმნა, რომლის სმარტფონში გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რესტორნებში დარჩენილი პროდუქტები შეიძინოს.

რაც შეეხება საფრანგეთს, გასულ წელს, ფრანგმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კანონს, რომლის თანახმად, საფრანგეთის დიდი სუპერმარკეტები ვალდებულები გახდნენ მაღაზიის დახლებზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან ფერმებს გადასცენ ქველმოქმედების სახით. კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.

საფრანგეთის მსგავსად, იტალიის ხელისუფლებაც ავალდებულებს რესტორნებსა და სუპერმარკეტებს მორჩენილი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ბაზა ჯერ შემქნილი არ არის, შესაბამისად, ქვეყანაში დიდი რაოდენობით მზა პროდუქტი გამოუყენებლად ნადგურდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz