ავტოიმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ავტოიმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

ავტოიმპორტიორთა კავშირი იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საავტომობილო სფეროს დაბეგვრასთან დაკავშირებით. კერძოდ იცვლება ავტომობილების აქციზის (საიმპორტო) განაკვეთები.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალ და 5-წლამდე მეორად ავტომობილებზე არ იზრდება გადასახადი, უფრო მეტი ასაკის მეორად ავტომობილებზე მცირედით იზრდება, ხოლო მარჯვენასაჭიანებზე სამმაგდება.

შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, დადებითად უნდა შეფასდეს და მხარი დაეჭიროს, რადგან ამ სფეროში განსახორციელებელი რეფორმა წლების მანძილზე მკვდარი წერტილიდან არ იძვროდა, ამ ნაბიჯით კი შეიძლება ითქვას ყინული დაიძრა და იმედია დაიწყება ყველა იმ აუცილებელი ღონისძიების განხორციელება, როგორიცაა ტექდათვალიერებისა და ეკოლოგიური ნორმების ეტაპობრივი შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები. შემოთავაზებული პროექტით აშკარა უპირატესობა ენიჭება ძველ (10 წლის ზემოთ) ავტომობილებს და დისკრიმინაცია ხდება ახალი, თუნდაც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების, რაც ჩვენის აზრით პირიქით უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს ძველი ავტომობილების ფლობის წახალისება. ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძველი ავტომობილები დიდ ზიანს აყენებენ როგორც ბუნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.

ვფიქრობთ, რომ საავტომობილო სფეროში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი, ჩვენის მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე საზოგადოებასთან და უახლოეს მომავალში განსახილველად წარმოვადგინოთ ჩვენეული ხედვა განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. იმედი გვაქვს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს აზრს და სამომავლოდ დღის წესრიგში აქტიურად დააყენებს საავტომობილო სფეროს რეგულირების საკითხს, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz