02.12.2016 / 10:39
შრიფტის ზომა:

ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები

ნუტრიცია ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევაა, რაც თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა. არავინ კამათობს იმაზე, რომ უვნებელი პროდუქტი და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ნუტრიცია. თუ მათი ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, შეფერხდება განვითარება, რაც მოზარდების გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარსა და მათ მომავალზე იმოქმედებს.

საქართველოს მოსახლეობას ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციაც ნაკლები აქვს. ორგანიზაცია "ოქსფამმა" უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასურსათო უსაფრთხოების პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა...

ამ ყველაფრისთვის კი შესასწავლი იყო საქართველოს მოსახლეობის კვების ხარისხის დონე, ამიტომ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარდა კვების ეროვნული კვლევა, რომელსაც ნუტრიციის ექსპერტი თამარ მანჯავიძე ხელმძღვანელობდა.

მანჯავიძის თქმით, კვლევისას ოჯახების კვების შესწავლის გარდა, ცალ-ცალკე გაანალიზდა ოჯახის წევრების - ზრდასრული ადამიანებისა და 10-17 წლის ბავშვების, ახალგაზრდების კვების მრავალფეროვნების მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (სოფლად თუ ქალაქში) სრულფასოვნად ვერ იკვებება.

რომელ კერძს მიირთმევენ საქართველოში ყველაზე ხშირად

პროდუქტის შეძენისას მათთვის ძირითადი კრიტერიუმი ხარისხი და ფასია. უმრავლესობა კითხულობს ეტიკეტს შესასყიდ პროდუქტზე, ინტერესდება ვარგისიანობის ვადით და ფასით.

გამოკითხულებიდან ნახევარზე მეტი გარკვეული პროდუქტების ნაკლებობას ასახელებს, ანუ ისინი მათი რაციონიდან გამორიცხულია. ხშირია ხორცის მიუღებლობის ფაქტები, ზოგიერთი ოჯახი ყველა სახის სურსათის ნაკლებობას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ყველაზე მძიმე თვეებად ასახელებენ თებერვალს, მარტსა და აპრილს. სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმიუწვდომობაა. ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად.

კვლევა ავლენს იმას, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემდეგ კერძებს: შემწვარ კარტოფილს, ლობიოს კერძს, აჯაფსანდალს. ხორციანი კერძები გამოკითხულთათვის შედარებით იშვიათია.

მოკლედ, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი კვების საშუალო მრავალფეროვნებით ხასიათდება. დაბალი და საშუალო მრავალფეროვანი კვების მქონე ოჯახების უმეტესობა იღებს: მარცვლეულს, ზეთს და ბოსტნეულს. ბოსტნეულის მიღების მაღალი წილი შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ კვლევა ზაფხულში ჩატარდა, როცა ახალი ბოსტნეულის მოხმარება მაღალია.

მაგრამ მიუხედავად ზაფხულისა, გამოკითხული ოჯახებიდან ხილს მხოლოდ 46% იღებს, მიზეზი ეკონომიკური ფაქტორია, - ხორცი და ხილი ძვირია. ამ პროდუქტებს სიტემატურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახები მიირთმევენ. ასევე დაბალია რკინით მდიდარი პროდუქტებით ორგანიზმის გაძლიერება და ამის დეფიციტს განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერების ოჯახები განიცდიან, ძალიან დაბალია რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. სრულწლოვანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი კვება არაჯანსაღია. ზოგს მიაჩნია, რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაა.

10-17 წლის ახალგაზრდები ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს, რძეს და რძის პროდუქტებს იღებენ, ვიდრე სრულწლოვანები. გამოკითხული ბავშვების უმეტესობამ აღნიშნა, რომ კვირაში რამდენჯერმე ჭამენ ტკბილეულს და სვამენ გაზიან უალკოჰოლო სასმელებს.

ქალების 50% (ვისაც 100-1000 ლარი აქვთ ყოველთვიური შემოსავალი) მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ.

მოკლედ, ყოველ მესამე ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად. ამ არც თუ სასიამოვნო და მძიმე სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა, სურსათის უვნებლობისა და კვების ეროვნული პოლიტიკის, ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც ყველა პასუხისმგებელი უწყების სერიოზულ მუშაობას გულისხმობს, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE