ელექტრონული ჯანმრთელობა საქართველოში - როგორ ვიმკურნალოთ დისტანციურად | Allnews.Ge

ელექტრონული ჯანმრთელობა საქართველოში - როგორ ვიმკურნალოთ დისტანციურად

საქართველოში სამედიცინო სერვისების მიწოდება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს მიმართავს, მაღალი ჰოსპიტალური ხარჯები კი სერიოზული პრობლემაა როგორც პაციენტებისთავის, ასევე - სამედიცინო დაზღვევისთვის. კრიტიკული დახმარებისა და კარდიოლოგიური საწოლების შეზღუდული რაოდენობის პირობებში მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია. პაციენტის ბინაზე დროზე ადრე გაწერა, ან - გაწერა კი არასათანადო რეაბილიტაციის და ამბულატორიული მონიტორინგის გარეშე გართულებების რისკს სერიოზულად ზრდის.

ამ და სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა ელექტრონული ჯანმრთელობა, რომელიც საქართველოში ნელი ტემპით ვითარდება. სფეროს განვითარებაზე სულ რამდენიმე კომპანია თუ ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა "ოჯახის მკურნალი", რომელიც მომხმარებელს ექიმის ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს. ჟურნალის ვებგვერდზე www.mkurnali.ge კი უფასო კითხვა-პასუხის სერვისი უკვე წლებია ხელმისაწვდომია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის", რომელსაც უკვე არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.

რას გულისხმობს ელექტრონული ჯანმრთელობა და რა დადებითი მხარეები აქვს მას? ამის შესახებ Allnews.ge-ი ორგანიზაციის "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" თავმჯდომარეს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ევროკომისიის ექსპერტს ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის მიმართულებით ზვიად კირტავას ესაუბრა.

 

"ელექტრონულ ჯანმრთელობას (e-Health) ხშირად მოიხსენიებენ როგორც ტელეჯანმრთელობას ან ციფრულ ჯანდაცვას. ეს იმ მომსახურებათა ერთობლიობაა, რომლებიც მედიცინისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შერწყმით იქმნება. ანუ ეს არის სამედიცინო სერვისის განხორციელება სივრცით და დროით დაშორებულ პაციენტსა და ექიმს შორის. ელ-ჯანმრთელობა შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს: ელექტრონულ სამედიცინო ისტორიებსა და პაციენტთა ელექტრონულ რეგისტრებს, ტელემედიცინას - დიაგნოსტირებას და მკურნალობას მანძილზე, დისტანციურ სამედიცინო სწავლებას, ჯანმრთელობის ვებ-პორტალებს, ელექტრონული რეცეპტურის სისტემას, მობილურ ჯანმრთელობას (მობილური ტელეფონებით განხორციელებულ სამედიცინო და პრევენციულ სერვისებს).

საქართველოში ელექტრონული თუ მობილური ჯანმრთელობის რა სერვისებია ხელმისაწვდომი?

ამჟამად საზოგადოებისთვის მობილური ტელედერმატოლოგიური სერვისია ხელმისაწვდომი. დერმატოლოგიური კლინიკა "მარჯანი" და ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი ამ მეთოდით კანის კიბოს სკრინინგს ახორციელებენ. მომსახურება 40 ლარი ღირს.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ქრონიკული პაციენტების სახლებში ტელემონიტორინგი მობილური ჯანმრთელობის მეთოდებით ძალიან მოსახერხებელია. ეს, განსაკუთრებით, მოხუცებულ და მარტოხელა ავადმყოფებს ეხება. პოსტჰოსპიტალურ კარდიოლოგიურ ავადმყოფთა რეაბილიტაციის ფაზაში ტელემონიტორინგი ბინაზე ყოფნის კომფორტთან ერთად რისკის მინიმუმამდე შემცირებას უზრუნველყოფს, მაგრამ მობილური ჯანმრთელობის დასანერგად სადაზღვევო რეგულაციებში კორექტივების შეტანაა საჭირო. ამჟამად სადაზღვევო კომპანიები ბინაზე ტელემონიტორინგულ მომსახურებას არ თვლიან ანაზღაურებად სერვისად. ისინი ამჯობინებენ, სტაციონარული მომსახურებისთვის უფრო მეტი გადაიხადონ. ცალკეულ კლინიკებს კი არ უღირთ სერვისის დანერგვა იმ ერთეული პაციენტებისათვის, რომლებიც თავად აანაზღაურებენ სერვისის ღირებულებას..

ჩეხეთში არითმიების მობილური ტელემონიტორინგის სისტემაში 3 000-მდე ავადმყოფია ჩაბმული. მათი მომსახურება საკმაოდ ხარჯ-ეფექტურია. საქართველოში, ჩვენი გაანგარიშებით, წლიურად 300-დან 1000-მდე პაციენტს ესაჭიროება მსგავსი ტელემონიტორინგის სისტემა, რომლის პილოტური გამოცდა ჩვენ 2010-11 წლებში წარმატებით ჩავატარეთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ სისტემის დანერგვის ინიციატორი არ ჩანს. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო ან რომელიმე მსხვილი პროვაიდერი ითავებს ამას.

რა მნიშვნელობა აქვს ელ-ჯანმრთელობის განვითარებას საქართველოსათვის?

განვითარებული და მდიდარი ქვეყნებისთვისაც ქრონიკული დაავადებების ხარჯ-ეფექტური მართვა სერიოზული პრობლემაა. სწორედ მობილური ჯანმრთელობის და ტელემონიტორინგის გამოყენება აღნიშნულ დაავადებათა მართვაში და პაციენტის აქტიური ჩართულობა იქნებოდა ხარჯების შემცირების უნიკალური შესაძლებლობა. ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად გარკვეული საკანონმდებლო და სადაზღვევო სისტემის რეგულაციების ცვლილებებია საჭირო.

ელექტრონული ჯანმრთელობის და ტელეკონსულტაციების ქსელის ამოქმედება და ელექტრონული ისტორიების განვითარება ჯანდაცვის სისტემის დაბალანსებულ განვითარებას უზრუნველყოფს. დღეს ჯანდაცვის მაღალტექნოლოგიური სერვისების 90% თავმოყრილია თბილისში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1/3 ცხოვრობს. სოფლებში შესაბამისი სერვისების ეფექტური მიწოდებისათვის ტელემედიცინის ქსელის განვითარება აუცილებელია. საქართველოს მცირედდასახლებულ მთიან რაიონებში ეს დემოგრაფიული კრიზისის შეჩერების ეფექტური მექანიზმიც შეიძლება გახდეს.

პაციენტის მონაცემების, დიაგნოზის და მკურნალობის სქემების უცხოელ კოლეგებთან გადასამოწმებლად ტელემედიცინა ხარჯეფექტური მეთოდია. ჩვენს ერთ-ერთ კვლევაში დერმატოლოგიურ ავადმყოფთა მონაცემების გადამოწმება და დიაგნოზის ვერიფიკაცია უცხოელ კოლეგებთან 20-60-ჯერ უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე პაციენტის ვენაში ან მილანში ჩასვლისა და კონსულტირების შემთხვევაში იქნებოდა. ამავე კვლევით, ტელედერმატოლოგიის 2-წლიანმა გამოყენებამ აჭარაში სწორი პირველივე დიაგნოზის სიხშირე 42%-დან 82%-მდე გაზარდა.

საქართველოს რეგიონებში განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია სამედიცინო კადრების დისტანციური სწავლების და დისტანციური ტესტირების მეთოდების დანერგვა. ამ მხრივ, ონლაინ თუ მობილური განათლების აპლიკაციები დიდ პერსპექტივას ქმნის.

ელ-ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღსანიშნავია საერთაშორისო ფაქტორიც. ევროინტეგრაციის პროცესებში აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეთა - ტურისტების, საქმიანი ვიზიტორების თუ სტუდენტების გადაადგილების დროს მათი სამედიცინო დაზღვევა სრულყოფილად ხდებოდეს. საჭიროა ელექტრონული ჯანმრთელობის სისტემების თავსებადობის (ინტეროპერაბილურობის) მიღწევა.

ელ-ჯანმრთელობის მიმართულებით რა პროექტები განხორციელდა საქართველოში?

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ტელემედიცინის, დისტანციური სწავლებისა და ელექტრონული ჯანმრთელობის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი პიონერია. პროექტების უმრავლესობა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, აშშ-ის CRDF-Global და საქართველოს სამეცნიერო განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

1996 წლიდან ტელემედიცინის და ელექტრონული ჯანმრთელობის კუთხით ბევრი საინტერესო პროექტი გავახორციელეთ: არითმიით ავადმყოფების მობილური ტელემონიტორინგი, არტერიული ჰიპერტენზიით ავადმყოფების ტელემონიტორინგი, ეპილეფსიით ავადმყოფთა ელექტრონული რეგისტრის შექმნა, დერმატოლოგიური ავადმყოფების ტელედერმოსკოპიული გამოკვლევები და ელექტრონული რეგისტრის განვითარება, ჰიბრიდული ქსელის არქიტექტურის მომზადება აჭარის ჰოსპიტალური სექტორის ელექტრონული ჯანდაცვისათვის.

2006 წელს საქართველოში პირველი სამედიცინო პორტალი Medportal.ge ავამოქმედეთ და მონაწილეობა მივიღეთ ევროკავშირის COST პროგრამის 2 ქსელურ პროექტში - "ტელეკომუნიკაციების ეკონომიკა" და "ევროპული ჯანდაცვის სისტემების ადაპტირება კულტურულ განსხვავებებთან" - არალეგალი მიგრანტების ჯანდაცვის პრობლემებზე.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილება დისტანციური და მობილური ონლაინ განათლების ADL და MOLE პროექტებში - "პარტნიორები მშვიდობისათვის" და ნატოს/აშშ ფლოტის შტაბების საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში. ჩვენი კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია უცხოურ ჟურნალებში და მოხსენებულია 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე.

ამჟამად გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტის მონახაზი ევროპაში ქართველ მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვისა და მოხუცებულთა სახლებში ასაკთაშორისი სოლიდარობის გაუმჯობესების კუთხით, რომელთა განსახორციელებლად უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ.

როგორია ქვეყნის პოლიტიკა და სტრატეგია ამ სფეროში?

ელექტრონული ჯანმრთელობის პოლიტიკის ზოგი ასპექტი ასახულია ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიის დოკუმენტში - "ჯანმრთელი საქართველო - შენთან დაკავშირებული", რომელიც 2011 წელს მიიღეს. თუმცა დოკუმენტს კონკრეტული ქმედებების დეტალიზაცია და დროში გაწერა აკლდა. რამდენადაც ვიცი, სტრატეგიის დეტალურ დოკუმენტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

2013 წლიდან წინსვლა გვაქვს სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე სამედიცინო სტატისტიკის მონაცემთა ატვირთვისა და ელექტრონული მოდულების და მონაცემთა ბაზების განვითარების მხრივ, ასევე - ელექტრონული რეცეპტურის ელემენტების დანერგვის მიმართულებით.

საავადმყოფოებში მიმდინარე ელექტრონული ისტორიების განვითარების სისტემატიზაცია და ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციების თუ სტანდარტული ფორმებისა და სერვისების ჰარმონიზაცია ჯერაც საკმაო მუშაობას მოითხოვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხითაც ელექტრონული ისტორიების ურთიერთგაცვლის ასპექტებიც სათანადო ყურადღებას მოითხოვს, რაც, იმედია, მომავალ სტრატეგიულ გეგმაში იქნება ასახული.

სამწუხაროდ, ელექტრონული ჯანმრთელობის მიმართულებით რაიმე სისტემური და დაგეგმილი დაფინანსება ქვეყანაში ჯერ არ არსებობს. ასევე დროულად და მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ მიმართულებით სპეციალისტთა ინტეგრალური სწავლების დაწყება და ინსტიტუციონალიზაცია.

ნანა მღებრიშვილი

myquiz