როგორ შევარჩიოთ ძიძა? - რეკომენდაციები მშობლებს | Allnews.Ge

როგორ შევარჩიოთ ძიძა? - რეკომენდაციები მშობლებს

ბავშვისთვის მომვლელის შერჩევა და პატარასთან მისი მარტო დატოვება საკმაოდ რთულია მშობლისთვის, რადგან ის თუ ვინ გაატარებს პატარასთან დღის უმეტეს ნაწილს, მნიშვნელოვანი ბავშვის თვისებებისა და ქცევების ჩამოყალიბებისთვის. მშობლების ნაწილი ძიძას ნაცნობების რეკომენდაციის საფუძველზე არჩევს. ნაწილი კი შესაბამის სააგენტოებს მიმართავს.

ეს საკითხი რთული აღმოჩნდა ერთ-ერთი მშობლისთვის, გიორგი მახარაძისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მეუღლე რამდენიმე ძიძას გაესაუბრნენ, მომვლელი მაინც ვერ შეარჩიეს.

"ჩვენი შვილისთვის ინტენსიურად ვეძებთ ძიძას. რა თქმა უნდა, გვინდა მზრუნველი და გამოცდილი მომვლელი. ძირითადად მეგობრების რეკომენდაციებით ვესაუბრებით ძიძებს. სააგენტოებსაც გადავხედეთ, მაგრამ გვინდა მომვლელსა და ჩვენ შორის უფრო სანდო შუამავალი იყოს, რომელიც ძიძის გამოცდილებას და მუშაობის მეთოდს, უფრო ობიექტურად შეაფასებს", - ამბობს გიორგი.

თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც ნაცნობების რეკომენდაციით შერჩეული ძიძა, კარგი მომვლელი არ გამომდგარა. მაგალითად, მირანდა ქავჟარაძემ ძიძა, სწორედ ნაცნობის რეკომენდაციით აიყვანა, თუმცა, შემთხვევით შენიშნა, როგორ დაარტყა ძიძამ ბავშვს. მიუხედავად ამ ფაქტისა, მშობელს სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავს.

"შევნიშნე, რომ ბავშვს ძიძასთან დარჩენა აღარ უნდოდა, რამდენჯერმე მიმანიშნა კიდეც, რომ ძიძა კარგად არ ექცეოდა. ერთხელ მე თავად, სრულიად შემთხვევით, შევნიშნე ცემის ფაქტი. რა თქმა უნდა, ვუთხარი, თუმცა, პასუხად მივიღე, რომ ბავშვი ძალიან ცელქია. მესმის რთულია ცელქ ბავშთან მუშაობა, მაგრამ ძიძა, სწორედ, იმისთვის მჭირდება, რომ ბავშვი აღზარდოს და არა იძალადოს მასზე".

ძიძის შერჩევის სხვა ალტერნატივა მომვლელთა სააგენტოებია, რომლებიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობენ.

რამდენად სანდოა სააგენტოთი შერჩეული ძიძა და როგორ არჩევენ თავად კომპანიები მომვლელებს, ამის შესახებ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის დამფუძნებელს ვესაუბრეთ. ესმა კომახიძის თქმით, იმისთვის, რომ დღეს საქართველოში ძიძა გახდეთ საკმარისია 3-წლიანი გამოცდილება და რამდენიმე რეკომენდატორი.

"შერჩევა, ძირითადად, გასაუბრებით ხდება. ასევე, რეკომენდაციები იმ ოჯახებიდან, სადაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა, გარდა რეკომენდაციებისა ჩვენ პირადად ვესაუბრებით იმ მშობლებს, რომლებსაც კონკრეტულ ძიძასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.

ერთ-ერთი მთვარი მოთხოვნა მომვლელად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლის გამოცდილებაა. უკამყოფილების შემთხვევა არ მქონია. თუმცა, მაინც ძალიან ფხიზლად ვარ. ვაკონტროლებ და ვეკონტაქტები იმ ოჯახებს, რომლებთანაც ჩვენ მიერ შერჩეული ძიძები თანამშრომლობენ".

გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევის თანახმად მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ საქართველოში ფიზიკური დასჯა და ბავშვთა მიმართ ძალადობა დაშვებული და მიღებული სოციალური ნორმაა. UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ძიძების მიერ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. როგორც მაია აღნიშნავს, მნიშნელოვანია, იმ ძიძებმა, რომლებიც ბავშებთან მუშაობენ, კარგად იცოდნენ აღზრდის პრინციპები.

შსს-მ 10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა

"ძიძას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ბავშვთან მუშაობა. ცემა და ძალადობა, არანაირად არ შედის ბავშვის აღზრდის მეთოდებში, ყველას მოვუწოდებთ, ბავშვის აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს მიმართონ."

თავად ძიძები და საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დროა ძიძების ლიცენზირების საკითხი დადგეს.

ლალი გორგიძეს ძიძად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ის ამბობს მშობლებს მის მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავთ, თუმცა, ფიქრობს რომ ძიძამ გადამზადება და გარკვეული სახის შემოწმება აუცილებლად უნდა გაიაროს.

"ლიცენზირების შემთხვევაში ძიძა გაივლის ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შემოწმებას და მიიღებს გარკვეულ მითითებებს. ვალდებულებები უნდა დაიწეროს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება. მსგავსი დოკუმენტის მქონე ძიძა, რა თქმა უნდა, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, უსაფრთხო იქნება".

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩვენი პატარასთვის ძიძის შეჩევისას გავითვალისწინოთ ცალკეული ფაქტორები, რადგან ისინი დიდ დროს ატარებენ თქვენს შვილებთან, სწორედ ისინი უვითარებენ ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სამომავლოდ მათ ცხოვრებაზე პოზიტიურად ან ნეგატიურად აისახება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი პატარასთვის ძიძა კომპეტენტურად შეარჩიოთ:

1. მიიღეთ დამაჯერებელი, რეკომენდაცია მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობდნენ ძიძასთან.

2. გადაამოწმეთ, რომ მას შვილები ჰყავს.

3. გაითვალისწინეთ ძიძის ასაკი.

4. გაესაუბრეთ მას პირადად და დარწმუნდით, რომ მომვლელს აქვს პოზიტიური გამოცდილება და ცოდნა პირველადი დახმარების კუთხით.

5. გაატარეთ დრო ძიძასთან და ბავშვთან ერთად.

6. დააკვირდით ძიძის კომუნიკაციის ხერხებს და დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ.

7. დააკვირდით რეაქციას, როდესაც თქვენი პატარა ძიძას დაინახავს.

8. წინასწარ გაუზიარეთ თქვენი მოთხოვნები და დარწმუნდით, რომ პირობები ნამდვილად მისაღებია.

ახალშობილის ცემისთვის ბრალდებულ ძიძას გირაო შეეფარდა

ნარიტა ჩხაიძე