რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის აღზრდისას - ფსიქოლოგის რჩევები | Allnews.Ge

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის აღზრდისას - ფსიქოლოგის რჩევები

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც უფროსები არ გვისმენდნენ და ჩვენი სურვილებით არ ინტერესდებოდნენ, ან რაიმეზე უარის თქმისას მიზეზს არ გვისხნიდნენ და ამით, თითქოს, ჩვენ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდნენ.

აღზრდის ეს თითქოსდა "უმტკივნეულო" ფორმები, ფსიქოლოგების თქმით, არასწორია და ზრდასრულ ადამიანზე უარყოფითად აისახება.

როგორი აღზრდის მეთოდებს იყენებენ მშობლები და როგორ მოქმედებს ისინი ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?!

ექიმი ფსიქოლოგის, ლიკა თუშიშვილის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა აღზრდის მეთოდებია, რომლებიც მხოლოდ მშობლებზე ორიენტირებულია და შვილების სურვილებს, მოთხოვნილებებსა და განცდებს სრულიად უგულებელყოფს.

"სინამდვილეში, აღზრდის სწორი მეთოდი არის ბავშვებზე ორიენტირებული, მასთან მიდგომა ფსიქოლოგიური ასაკობრივი თავისებურებების გათვალიწინებით უნდა მოხდეს

ცხადია, ყველა ინდივიდს გარემოს თავისებური აღქმა და უარყოფითი მოვლენების ტევადობა აქვს, რასაც მშობლები ძირითადად არ ითვალისწინებენ. სწორად აღზრდა ბავშვის მოთხოვნების გათვალისწინებასა და ბავშვთან მეტყველების კონტროლს გულისხმობს.

10 ფილმი, რომელიც მოზარდებმა მშობლებთან ერთად უნდა ნახონ

ძალიან გავრცელებულია შვილების უარყოფითი ემოციებით მანიპულირება, ფრაზებით "მე გავბრაზდები ასე რომ იქცევი," "თავი ამტკივდება," "ცუდად გავხდები," "შენ მატკინე..." ამ ფრაზების ხშირი გამეორება ბავშვებში სტრესს იწვევს. ამის ნაცვლად, მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს უთხრან ფრაზები: "მე ძალიან გამიხარდება, თუ შენ იმეცადინებ" და არა "გავბრაზდები." - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ლიკა თუშიშვილის თქმით, ბავშვის ქცევის შეცვლა პოზიტიური ემოციებით მანიპულირების საშუალებით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, აქცენტი არა უარყოფით თვისებაზე, არამედ ქცევაზე უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, შვილს კი არ უნდა ვუთხრათ, რომ ზარმაცია, რასაც შემდეგ იჯერებს და მართლაც ასეთი ხდება, არამედ, მისნაირ ბეჯით და ჭკვიან ბავშვს, რომ სიზარმაცე არ შეეფერება.

"როდესაც ბავშვი ცუდ ნიშანს მიიღებს, მისი უარყოფითად შეფასება კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ ვუთხრათ, "მე ვიამაყებ, თუ შენ კარგ ნიშანს მიიღებ," ამგვარად, მას უფრო კარგი თვითშეფასება ექნება. უაყოფითი მეთოდი იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, რომელიც ბავშვზე ნეგატიურ გავლენას ახდენს," - განმარტავს ფსიქოლოგი.

უარყოფითი ემოციებით მანიპულირება და არაკონსტრუქციული მეტყველება ბავშვის ქაოსურ ქცევას იწვევს. ფსიქოლოგის თქმით, ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა "გცემ," "სახლიდან გაგაგდებ" და ასე შემდეგ, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ვაზიანებთ, მასში ვიწვევთ შიშს, რაც მომავალში თავს სხვადასხვაგვარი ფორმით იჩენს.

მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

"როდესაც ბავშვებს არ ვაძლევთ უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალებას და ვეუბნებით, მაგალითად, "ენას ნუ მიტლიკინებ," "ამას არ შეეხო," "იმას არ დაარტყა," ეს ემოციები გროვდება და ფსიქოსომატური პრობლემები სწორედ აქედან იწყება. სკოლაში, ბაღში აგრესიული მოქმედებები სწორედ ამიტომ ხშირდება.

ბავშვი უარყოფითი ემოციების საწყობი ხომ არაა?! მან ისინი უნდა გამოხატოს," - აღნიშნავს ლიკა თუშიშვილი.

როდესაც შვილების ნაცვლად ყველა გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ, ზრდასრულობის ასაკში პიროვნებას გარემოსთან, ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი კმაყოფილების შეგრძნებას აღარ ანიჭებს.

"ადამიანი საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიაში რომ იყოს, მან ეს ბავშვობაში უნდა გამოიმუშაოს და მშობელმა შვილის ნაცვლად კი არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არამედ ჯერ ჰკითხოს, რა სურს მას. მშობლის ასეთი დამოკიდებულება მოზრდილ ადამიანს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდაში უშლის ხელს," - განმარტავს ფსიქოლოგი და დასძენს, რომ შვილთან მის ემოციებზე საუბარი ხელს უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გვიწყობს.

მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მშობლები, რომლებიც შვილს ელოდებიან სპეციალურ კურსებს გადიან, რათა ბავშვის აღზრდის მეთოდები შეისწავლონ, თუმცა, საქართველოში მსგავსი დაწესებულებები და მოსამზადებელი ტრენინგები არ არსებობს.

ქვეყანა, სადაც არ არიან მიუსაფარი ბავშვები - როგორია ფინეთის განათლების სისტემა

"მშობლების ინფორმირებულობა საჭიროა, რადგან ყველამ არ იცის, როგორ აღზარდოს შვილი და კარგი იქნება, თუ ამისი კულტურა ჩვენთანაც დამკვირდება," - განაცხადა მან Allnews.ge-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვს ჩვენ მიმართ პატივისცემა პოზიტიური ემოციების ჩვენებით უჩნდება, ჩვენი მეტყველება კი მის ქცევას აყალიბებს. როგორსაც გვხედავს ყოველდღიურად, სწორედ ისეთი ხდება თავად, ამიტომ ჩვენი შვილების აზრების მოსმენა, მომავალში შესაძლოა, მათი ბედნიერების საწინდარი გახდეს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz