რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში 2017 წლიდან | Allnews.Ge

რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში 2017 წლიდან

მომავალი წლიდან საქართველოს განათლების სისტემაში რამდენიმე სიახლის დანერგვა იგეგმება, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, აღნიშნული სისტემა, პირველ რიგში, ტვინის იმ ნაწილებს უნდა ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული.

მინისტრის თქმით, 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებითა და პროექტებით, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლების ხელფასების ზრდა იგეგმება.

"მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზრაურება და საშუალო ანაზღაურება მიაღწევს 800 ლარს,"- აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მომავალ წელსა და შემდეგ წლებში მოსწავლეების ჩანთები შემსუბუქდება.

"მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილებები იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს.

ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ,"- განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ პროექტები, რომელთა ფარგლებში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, მომზადებულია და ისინი ბიუჯეტის პროექტში აისახა. მისი თქმით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, განათლებაში კერძო სკოლების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების ხელშეწყობა იგეგმება.

მინისტრი ასევე დასძენს, რომ სკოლებში შემცირდება საზეპიროების რაოდენობა, თუმცა ისინი მთლიანად არ გაქრება.

myquiz