"მძიმე ბავშვობა მქონდა, ვფიქრობდი გათხოვებით პრობლემები მოგვარდებოდა" - ქართველი არასრულწლოვანი დედების გამოცდილება | Allnews.Ge

"მძიმე ბავშვობა მქონდა, ვფიქრობდი გათხოვებით პრობლემები მოგვარდებოდა" - ქართველი არასრულწლოვანი დედების გამოცდილება

თეკლა, 28 წლის (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით)

"17 წლის დავქორწინდი, მძიმე ბავშვობა მქონდა და ვფიქრობდი, გავთხოვდებოდი და პრობლემები მოგვარდებოდა. თითქოს, თავს ვუშველე გათხოვებით. უნივესიტეტშიც ჩავაბარე, სამედიცინოზე, მაგრამ დედამთილი და მამათილი სწავლაში ხელს მიშლიდნენ.

როცა შვილი გამიჩნდა, აღმოჩნდა, რომ მარტო ვიყავი.

ჩემი მეუღლე არასდროს იყო ჩემ გვერდით. შემდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. 8 წლის განმავლობაში არაერთხელ დავბრუნდი მშობლებთან, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ უკან, ისევ მეუღლესთან ვბრუნდებოდი. ერთ დღეს, მორიგი კონფლიქტის დროს, ჩემმა შვილმა მითხრა "დე, აქედან უნდა წავიდეთ". იქ უკვე სამი წელია არ დავბრუნებულვარ და არასდროს დავბრუნდები."

ნინო, 39 წლის (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით)

"15 წლის გავთხოვდი. ვერ გეტყვით, რომ მთლად მე გადავწყვიტე ასეთ ასაკში დაქორწინება. იმ პერიოდში უმეტესად გარიგებით ქმნიდნენ ოჯახებს. 17 წლისას შემეძინა პირველი შვილი, 18 წლისას კი მეორე.

უკეთესი იქნებოდა განათლების მიღება და შემდეგ ქორწინება, მაგრამ ჩემი ბედისწერა ასეთი ყოფილა.

რამდენიმე წელი ვთამაშობდი მეზობლის ტოლ გოგონებთან ერთად. საჭმლის გაკეთება არ ვიცოდი, მშობლებთან ცხოვრების დროს სკოლა და თამაში იყო ჩემი "საქმე". თითქმის ყველა ჩემი თანაკლასელი გოგო გათხოვდა და მეგონა, რომ ასეთი წესი იყო. ჩემზე უფრო პატარა ასაკისანიც გათხოვდნენ."

ხატია, 29 წლის

"17 წლის ვიყავი, ჩემს უკვე ყოფილ მეუღლესთან ერთად ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ვერ ვიტყვი, რომ გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ბოლომდე გააზრებული მქონდა რას ვაკეთებდი. ვსწავლობდი, ჩაბარებული მქონდა უნივერსიტეტში და ვაგრძელებდი სწავლას, მაგრამ მერე მე აღარ მინდოდა სწავლის გაგრძელება. მინდოდა სახლში ყოფნა საოჯახო საქმეების კეთება. ვმუშაობდი, ვერთობოდი ჩემს მეუღლესთან ერთად, ერთი სიტყვით დიდ პრობლემებს არ შევჩეხებივარ.

18 წლისას უკვე შემეძინა შვილი და აქ გაჩნდა პრობლემა.

მე თვითონ ვიყავი პატარა და ბავშვს როგორ აღვზრდიდი? ამიტომ ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. 10 წლის შემდეგ დავანგრიეთ ოჯახი, რადგან ამ დროის მანძილზე უამრავი პრობლემა დაგროვდა. ყველაფერი გვიან გავაანალიზე, თურმე უამრავი პრობლემა იყო და იმ ასაკში ამას ვერ ვიაზრებდი".

არასრულწლოვანთა ქორწინება - პრობლემა, რომელიც საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში კვლავ ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. ამასთან, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

5 ყველაზე სახიფათო ქვეყანა ტურისტი ქალებისთვის

ადრეულ ასაკში ქორწინების რიცხვის შემცირების მიზნით, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. ამასთან დასჯადია იძულებით ქორწინებაც, რისი შემთხვევებიც საქართველოში საკმაოდ ხშირი იყო.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2015 წლის 1 აპრილს, შევიდა ცვლილება. გაჩნდა ჩანაწერი "ქორწინების იძულება". ცვლილება გულისხმობს ქორწინების იძულებას, მათ შორის არარეგისტრირებულს და ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმით ვადით 200-დან 400 საათამდე და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე", - განმარტავს საია-ს იურისტი ნინო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც არ მჟღავნდება არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები, რადგან მშობლების თანხმობით, გარიგების საფუძველზე ხდება ქორწინება და მას სამოქალაქო წესით არ არეგისტრირებენ. შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა.

"მსგავსი ფაქტები მჟღავნდება, მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი იბადება და ახალშობილის რეგისტრაციის საკითხი დგება. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც საჯარო რეესტრმა გადააგზავნა ინფორმაცია შესაბამის უწყებაში და ამას მოჰყვა რეაგირება",- ამბობს ნინო ჩიხლაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნაადრევი ქორწინების კუთხით რეგიონში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე აცხადებს, რომ ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლაში გარკვეული გამოცდილება, კარგიც და ცუდიც, უკვე დაგროვდა, მეტი ეფექტურობისთვის კი ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.

რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში ?

"ყველა კვლევა აჩვენებს, რომ 18 წლამდე ქორწინება, ძალიან დიდი ბარიერების შემქმნელია მოზარდი გოგონას განვითარებისთვის. გოგონები ხშირად იძულებულნი არიან ადრეული ქორწინების გამო, შეწყვიტონ განათლების მიღება. ძალიან ხშირად ქორწინება დაკავშირებულია სოციალურ ფონთანაც, ოჯახში და სექსუალური ძალადობის რისკთან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს მოზარდს.

ამიტომ ოჯახმა, საზოგადოებამ და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს მავნე პრაქტიკა შეწყდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ აღარ იყოს მისაღები მსგავსი შემთხვევები და მათ სრულად გააცნობიერონ ის საფრთხეები და ბარიერები, რაც ნაადრევ ქორწინებას მოაქვს მოზარდისთვის", - განმარტავს ლელა ბაქრაძე.

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ანა ლობჟანიძის თქმით, ნაადრევი ქორწინების გამო სწავლის შეწყვეტის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ, განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით საბაზო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 43-მა მოსწავლემ. მსგავსი შემთხვევების შემცირების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული შეხვედრები მოსახლეობასთან. ასევე, მასწავლებლებისა და სერვისის მიმწოდებელი უწყებების მხრიდან მოხდეს ეფექტური რეაგირება ყოველ შემთხვევაზე, რომელიც დაფიქსირდება", - ამბობს ანა ლობჟანიძე.

"10 წლის ვარ და უკვე განქორწინებული" - რა არის ადრეული ქორწინება

თეკლა: "თუკი, პატარა ასაკში გათხოვდები, ვერ მიაღწევ იმას, რაზეც ოცნებობდი. ყველას გირჩევთ, ჯერ მიიღოთ განათლება და იზრუნოთ კარიერაზე. ყოველთვის შეძლებთ ოჯახის შექმნასა და შვილის გაჩენას, მაგრამ ვერასდროს დაიბრუნებთ იმ დროს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისთვის. არ იჩქაროთ, ჯერ გაძლიერდით, წელში გაიმართეთ ფინანსურადაც და მორალურადაც, მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნეთ ოჯახის შექმნაზე."

ნინო: "23 წელი გავიდა ჩემი ქორწინებიდან და ამ პერიოდში ძალიან შეიცვალა ზოგადად მიდგომები დაოჯახების მხრივ. 22 წლის არის ჩემი გოგო, უნივერსიტეტში სწავლობს და ვფიქრობ, დროა უკვე შექმნას ოჯახი. მაინც და მაინც 15 წლისები გათხოვდნენ მეთქი არ ვამბობ, მაგრამ 20 წლისამ უკვე უნდა იფიქროს ოჯახის შექმნაზე. არც მთლად დაგვიანება ვარგა".

ხატია: "სანამ ოჯახი დამენგრეოდა, ვფიქრობდი, რომ მოსაზრებები, რომელიც ნაადრევი ოჯახის შექმნის საკითხზე არსებობდა, არ იყო სიმართლე. ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, რომ ჩამოყალიბდნენ ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ გაიაზრონ რა სურთ ცხოვრებაში, ბოლომდე დარწმუნდნენ თავიანთ ნაბიჯებში და მერე მიიღონ დაოჯახების გადაწყვეტილება. ჩემი შვილი 12 წლისაა და 17 წლის რომ ოჯახი შექმნას, ძალიან არ მომეწონება. ნაადრევად ოჯახის შექმნით ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, რაც არ არის სავალდებულო."

ნარიტა ჩხაიძე

myquiz