საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩატარდება | Allnews.Ge

საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩატარდება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარდება. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე უკვე გაიხსნა.

მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს.

როდის ჩატარდება პირველი ოპერაცია აღნიშნულ კლინიკაში, ჯერ უცნობია. დეტალების გასარკვევად Allnews.ge საუნივერსიტეტო კლინიკა-მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ კვაჭაძეს ესაუბრა.

-ხშირად გვსმენია, რომ საქართველოდან ძვლის ტვინის ტრანსპლატაციისთვის პაციენტები საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროცედურა და რა სახით გაკეთდება საქართველოში?

-ესენი არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებულები არიან ონკოჰემატოლოგიური ან ჩვეულებრივი ჰემატოლოგიური პათოლოგიებით. ტრანსპლანტაცია, ანუ ღეროვანი უჯრედის გადანერგვა იყოფა რამდენიმე ტიპად. ვინაიდან საქართველოში საერთოდ არ ტარდებოდა ღეროვანი უჯრედის გადანერგვის პროცედურა, პირველ ეტაპზე ვიწყებთ აუტოლოგიური ძვლის ტვინის გადანერგვას. ეს გულისხმობს იმას, რომ პაციენტს საკუთარ ძვლის ტვინს გადავუნერგავთ, ამ ოპერაციის შემდეგ, უკვე ჩატარდება დონორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ოჯახის წევრის.

ძვირად ღირებული და მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში

-რამდენად ხშირია აღნიშნული პათოლოგიები საქართველოში?

-წლის განმავლობაში დაახლოებით 5-6 ბავშვია დაავადებული ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიით, რომელთაც სჭირდებათ ტრანსპლანტაცია. რაც შეეხება მოზრდილებს, ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, ვინაიდან მოზრდილები, რომელთაც სჭირდებოდათ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, თავად მიდიოდნენ საზღვარგარეთ თერაპიული კურსის ჩასატარებლად, ან ვერ მიდიოდნენ. ამ ეტაპზე მთავრობას აქვს განსაზღვრული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ასაკამდე პაციენტების გაშვებას საზღვარგარეთ.

მიზეზები, რის გამოც უცხოელები საქართველოში პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჩამოდიან

-პირველი ოპერაცია უკვე დაგეგმილია?

მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია, არის რამდენიმე პაციენტი, რომლებიც აუტოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად განიხილებიან. სულ მალე გადაწყდება, თუ რომელ პაციენტს გავიყვანთ პირველს. ეს განყოფილება არის არა მარტო ძვლის ტვინის გადანერგვისთვის, ასევე გამოიყენება ქიმიოთერაპიის ჩასატარებლადაც და სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმისთვის.

ყველაზე დიდი უზრუნველყოფა, რაც ამ დეპარტამენტს სჭირდება არის სისხლის ბანკი, რადგან გადანერგვისთვის ღეროვანი უჯრედების მომზადებას, მათი ვარგისიანობის შემოწმებას, ყველა ამ პროცედურას აკეთებს სისხლის ბანკი, ისინი გადმოგვცემენ მასალას და შემდეგ ხდება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა.

უახლოეს მომავალში შესაძლოა, ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდეს

რაც შეეხება ოპერაციის ფასს, ამის გარკვევა საუნივერსიტეტო კლინიკა-მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვცადეთ. როგორც კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, რადგანაც პროცედურა ჩატარებული არ არის, კონკრეტული ფასი დადგენილი არ არის. მათივე ინფორმაციით, როდესაც პირველ პაციენტს მიიღებენ, მაშინ დადგინდება კონკრეტული თანხა, თუმცა მათი განცხადებით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას სახელმწიფოც დააფინანსებს, მაგრამ რა ნაწილს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz