ვიდეომასალა, რომელშიც თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული. აღნიშნული ჩანაწერების შს სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.
როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ განაცხადა, ერთი პირი გლდანში, ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით, შემდეგ სანაპიროდან, მარი ბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომანქანას აჩერებს ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან.
ამის შემდეგ ბრალდებული ფეხით გადაადგილდება სობჩაკის ქუჩისკენ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილს უკნიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ ბრუნდება სობჩაკის ქუჩაზე, გადადის ათონელის ქუჩაზე, სადაც შედის სასურსათო მაღაზიაში და ისევ აგრძელებს გზას ალექსანდრეს ბაღისკენ.
კადრებში კარგად ჩანს, რომ პატიის ოფისიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად, ჯდება ავტომობილში და იწყებენ მოძრაობას ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, რომელიც ავტომობილს მარჯვენა მხრიდან უახლოვდება. კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის გივი თარგამაძე. ამის შემდეგ რამდენიმე წამში ისმის აფეთქების ხმა", - განაცხადა თეა პერტაიამ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნილია.