როგორ მოვემზადოთ ზამთრის ვირუსების თავიდან ასაცილებლად? | Allnews.Ge

როგორ მოვემზადოთ ზამთრის ვირუსების თავიდან ასაცილებლად?

შემოდგომიდან ვირუსების გავრცელებისა და გაციების შემთხვევები იმატებს, რაც კლიმატური ცვლილებებითა და გადამდები დაავადებების გააქტიურებითაა გამოწვეული.

გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც პათოგენური მიკროორგანიზმებითაა (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოები) გამოწვეული და ადამიანთა შორის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელების უნარი აქვს.

ამ პერიოდში, მოსახლეობა გირიპის ვირუსს უჩივის, რომლის გავრცელების ინტენსივობაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინდორმაციით, ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და 100 000 მოსახლეზე 332,6-ს შადგენს, მათგან ლეტალური შემთხვევა 6-ია.

გარდა ამისა, ცენტრის მონაცემებით, ბოლო 2015-16 წლის გრიპის სეზონზე საქართველოში გრიპის 160 ვირუსია გამოვლენილი, მათ შორის 153 – A/h1p და 7- A/H3. ზედამხედველობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი წინასასკოლო და სასკოლო ასაკში მატულობს, რაც ამავე ასაკში ჰოსპიტალიზაციის მომატებულ რიცხვს იწვევს.

Allnews.ge ვირუსული ინფექციების გავრცელებისა და მათი პრევენციის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა. სპეციალისტის თქმით, რესპირაციული ინფექციების გამომწვევი ვირუსები ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა ეს ახლანდელი სეზონისთვის დამახასიათებელია.

"ამჟამად რინოვირუსი ცირკულირებს, ზოგადად ამ სეზონზე 200-მდე ვირუსი აქტიურდება, ასევე მოიმატებს გრიპის ვირუსის ცირკულაცია, რომელიც ყველაზე მძიმედ მიმდინარე დაავადებაა და მისი გავრცელებაც, უფრო დიდი იქნება, ვიდრე ზაფხულში,"- აღნიშნა მან.

რინოვირუსი სასუნთქი სისტემის დაავადებაა, რომელიც შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება.

მისი სიმპტომებია სურდო, ჩახლეჩილი ყელი, ცემინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სიცხე.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, აღნიშნული ვირუსების პრევენცია შესაძლებელია."

ყველაზე მძიმე დაავადებების პრევენციისთვის ახლა ყველაზე კარგი პერიოდია, ამისთვის საჭიროა იმუნიზაციის ჩატარება და ზამთრისთვის მომზადება რათა გრიპის ვირუსი არ შეგხვდეთ".

"რეკომენდებულია, რომ ვირუსული დაავადების სიმპტომების შენიშვნისას სახლში დარჩეთ, თავი აარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, ასევე აუცილებელია, იყოთ იზოლირებული, ხშირად გაანიავოთ გარემო და ბევრჯერ დაიბანოთ ხელები. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შედარებითი გაუმჯობესების შემდეგ მაღალი სიცხე აღგენიშნებათ," - განმარტა სპეციალისტმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოგვიწოდებს, გრიპის სიმპტომების, როგორებიცაა სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა, სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს, რადგან, შესაძლოა, სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა გვესაჭიროებოდეს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz