განათლების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 7 000-მდე უცხოელი სტუდენტია | Allnews.Ge

განათლების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 7 000-მდე უცხოელი სტუდენტია

საქართველოს განათლების ჰაბად გადაქცევა ჩვენი სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა PMC კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. განათლების მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ უმაღლეს განათლებას აქვს პოტენციალი, მოიწვიოს სასწავლებლად უცხოელი სტუდენტები.

"ეს ჩანს იქიდანაც, რომ ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია სახელმწიფოს, არაფერი არ გაგვიკეთებია ამ მიმართულებით და 7 000-მდე უცხოელი სტუდენტი უკვე გვყავს ძალიან ბევრ ქართულ სასწავლებელში გადანაწილებული. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი გაორმაგდება და გასამმაგდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ხარისხიანი განათლების რეპუტაცია. სტუდენტური ცხოვრების თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები. ქვეყანას აქვს კარგი უნივერსიტეტები, კამპუსები და ასეთი დაწესებულებების რაოდენობა საქართველოში იზრდება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა და მათი დაინტერესება. მინისტრმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ PMC კვლევის ცენტრის მიერ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის ჩატარება მათი ინტერესის საგანიც იყო.

"აგვისტოში ელჩებთან ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. ამბასადორიალის დროს ყველა ქართველი ელჩი ჩამოსული იყო ასევე იმ ქვეყნების ელჩებს შევხვდით, სადაც ჩვენ გვყავს ელჩები და სტუდენტების მოზიდვის შესახებ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. ვმუშაობთ საერთო საცხოვრებლების განვითარების მიმართულებით. ასევე იმისათვის, რომ საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარონ და ვეხმარებით თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს, მათი პროგრამების განვითარება-დახვეწის კუთხით", - განაცხადა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

myquiz