როგორ გამოიყურება განახლებული აღმაშენებლის გამზირი | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება განახლებული აღმაშენებლის გამზირი

თბილისის მერიის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული აღმაშენებლის გამზირი გუშინ გაიხსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიიღეს. მათ განახლებულ გამზირზე ჩამოიარეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტისა და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო.

აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა ლითონის 6 ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200-მდე ადამიანი.

"პროექტი "ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი გახუთმაგებულია.

პროექტ "ახალი ტფილისის" I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წელს "ახალი ტფილისის" ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება", -აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

myquiz