ავტობუსების მძღოლები ხაზზე გასვლის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან | Allnews.Ge

ავტობუსების მძღოლები ხაზზე გასვლის წინ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან

ამიერიდან ყველა ავტობუსის მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მსმენელმა მუმლაძეს შეახსენა ავსტოსაგზაო შემთხვევები, რომელიც ბოლო დროს თბილისში მოხდა, ერთ შემთხვევაში ავტობუსი სასტუმროს შეეჯახა, ხოლო მეორე შემთხვევაში მძღოლს ინფარქტი მოუვიდა.

"დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში. ჩვენ იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ და ყველა მგზავრს მივხედეთ. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. არსებობს რეგლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავსტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურეობისთვის, იბლოკება, ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის. სასტუმროზე შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი გამართული იყო", - განაცხადა მუმლაძემ.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მუმლაძის თქმით, მძღოლს დაემართა ინფარქტი. მისივე განმარტებით, მძღოლმა უნდა წარადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. "მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი და დამტკიცდა, რომ ამიერიდან მძღოლებს ექიმები შეამოწმებენ. სამი ბაზა გვაქვს სულ და სამივეში გვეყოლება ექიმი, რომლებიც რეისში გასვლამდე ყველა მძღოლს შეამოწმებენ", - აღნიშნა მუმლაძემ.

სამარშრუტო ტაქსების მიერ განხორციელებულ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, მუმლაძემ აღნიშნა, რომ მიკროავტობუსები სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებიან. მუმლაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების მძღოლების კონტროლი დაიწყოს.

მამუკა მუმლაძემ ახალი ავტობუსებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ისინი პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლიან, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე.

მისივე თქმით, სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მათი ნაწილი დაემატება არსებულ ავტობუსებს, ნაწილი კი ძველებს ჩაანაცვლებს.

"რეალურად, პრობლემა არის ის, რომ პიკის საათებში არის ტრანსპორტის სიმცირე. უკვე ვიცით, ამ პრობლემას როგორ ვებრძოლოთ. ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი 28-ში შემოვა.  დღეს დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა არის 512, რომელიც გადის ხაზზე, ავტობუსების დამატების შემდეგ კი ეს რაოდენობა გაიზრდება 600-მდე და გადაჭედილი აღარ იქნება. ავტობუსები იქნება კომფორტული და დატვირთვა გაიზრდება", - განაცხადა მუმლაძემ.

მუმლაძის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტობუსი მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე შემოიყვანოს. "ახალ ავტობუსებს მომზადებული კომპანია დახვდება აქ, რომელიც დაამონტაჟებს სალარო აპარატებს, ასევე მოხდება მძღოლების დატრენინგება. პირველ 10 ავტობუსს ალბათ 5-6 რიცხვში გავუშვებთ ხაზზე, #61 ავტობუსის მარშრუტზე", - აღნიშნა მუმლაძემ.

ახალი ავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი,  ისინი ასევე შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ადაპტირებული იქნება.

"მიკროავტობუსებს რაც შეეხება, მოგვიწია ინტენსიური მუშაობა, რომ კონდიცირება ყოფილიყო ჩართული. კომპანიას მძღოლებთან სხვა ურთიერთობა აქვს და მოუწია შეღავათების გაწევა მიკროავტობუსებისთვის, რომ კონდიცირება ჩართულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია და მძღოლების დაახლოებით 70%-ს ჩართული ჰქონდა კონდიცირება. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, ისინი თბილისის კლიმატზე მორგებული კონდიცირებით იქნება აღჭურვილი. ავტობუსის მძღოლს აქვს მოჭრილი ხელფასი, მას არ დასჭირდება თქმა, რომ კონდიცირება ჩართოს, რადგან ეს მას არ დააწვება. დამატებით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და მკაცრი სასჯელი იქნება, თუკი საჭირო დროს გათბობა ან კონდიცირება ჩართული არ იქნება", - აღნიშნა მუმლაძემ.

რაც შეეხება ძველ ავტობუსებს, მუმლაძის განმარტებით, ყვითელ ავტობუსებში კონდიცირება გათვალისწინებული არ იყო, მგზავრების მოთხოვნით დააყენეს, თუმცა არ იმუშავა. მისივე თქმით, პირველი 10 ავტობუსის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება.

myquiz