რა ქონებას ფლობს თსუ-ს ახალი რექტორი და რის შეცვლას აპირებს უნივერსიტეტში | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს თსუ-ს ახალი რექტორი და რის შეცვლას აპირებს უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, აკადემიურმა საბჭომ აირჩია. მან 36-დან 21 წევრის მხარდაჭერა დაიმსახურა.

არჩევნებამდე შარვაშიძემ სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრა გამართა და უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მისი კანდიდატურის წამოყენებას სტუდენტთა ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მათი თქმით, მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას შარვაშიძე განათლების სისტემის განვითარებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა.

გიორგი შარვაშიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გამო დატოვა.

უნივერსიტეტის განვითარების რა გეგმა აქვს გიორგი შარვაშიძეს

ახლადარჩეული რექტორის თქმით, უნივერსიტეტი საერთაშორისო დონის კვლევისა და სწავლების კერა უნდა გახდეს, რაც კვლევისა და სწავლების შერწყმას გულისხმობს. მისი კონცეპციის მიხედვით, უნივერსიტეტს სრული და უპირობო ავტონომია სჭირდება, რაც სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნით, მართვის პროცესში პროფესორების, მეცნიერებისა და სტუდენტების  მაქსიმალური ჩართულობით მიიღწევა.

შარვაშიძე ასევე სტუდენტების მდგომარეობისა და ცხოვრების პირობების გადახედვას გეგმავს, - "შევეხებით სტუდენტური საცხოვრებლის საკითხს, რომ სოციალურად შეჭირვებული სტუდენტების დახმარება მოვახერხოთ, ამასთანავე იქნება სამოტივაციო პაკეტი, რაც წარჩინებული სტუდენტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო სტიპენდიის დანიშვნას გულისხმობს", -განმატავს რექტორი.

ვინ არის გიორგი შარვაშიძე

1984 წელს გიორგი შარვაშიძემ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2006 წელს კი თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით დაამთავრა.

1988 წლიდან შარვაშიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის თანაშემწის პოსტს იკავებდა, 1990 წელს  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აშშ-ში მასწავლებბლის სტატუსით გაემგზავრა, შემდეგ კი საქაართველოში დაბრუნდა და განათლების სამინისტროში ჯერ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის, 1996-2000 წლებში კი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2002-2003 წლებში განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსიტუტის პრეზიდენტი იყო, შემდეგ სამუშაოა ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა და 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე დაახლოებით ორი კვირის წინ დატოვა.

რა ქონებას ფლობს თსუ-ის ახლადარჩეული რექტორი

გიორგი შარვაშიძე 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაღდი ფულის სახით 8 500 აშშ დოლარს ფლობს, რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მის საკუთრებაში Raiffeisen bank-ში 40 000 ევრო, ხოლო ამავე ბანკში, მისი მეუღლის, ნინო ჭელიძის სახელზე 10 000 ევროა.

ასევე, საპენსიო ანგარიშის სახით, გიორგი შარვაშიძეს Tatra Banka-ში 165 190 ევრო აქვს.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ის უნგრეთში, ბუდაპეშტში ერთ, ხოლო თბილისში სამ ბინასა და ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს.

myquiz