უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი | Allnews.Ge

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთი მკვლევარისა და ექიმის აზრით, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, ზოგი მათგანი კი ფიქრობს, რომ ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქო.

კვლევების თანახმად, ელექტრო სიგარეტი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზრდილთა 10% მას აქტიურად იყენებს, შესაბამისად მწარმოებელი კომპანიების მოგებაც მაღალია. 2013 წელს, აშშ-ში ელექტრო სიგარეტის ინდუსტრიაში არსებული მთლიანი შემოსავალი 1,75 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს კი 3,5 მილიარდი გახდა.

"აშშ-ის ფილტვების ასოციაციის" ცნობით, ელექტრო სიგარეტის მწარმოებელი ბრენდების რაოდენობა 2016 წელს 500-მდე გაიზარდა.

მსოფლიოში ელექტრო სიგარეტის მომხმარებელთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ მისი პოპულარობა გაიზარდა როგორც შეერთებულ შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

პირველი ქვეყანა, რომელმაც მოწევა აკრძალა

როგორ ფუნქციონირებს ელექტრო სიგარეტი?

ელექტრო სიგარეტში ამაორთქლებელი ელემენტი "ატომაიზერია" მოთავსებული, რომელიც სითხით გაჟღენთილ ბამბის სპირალს ახურებს, რის შედეგადაც ორთქლი გამოიყოფა.

ახდენს თუ არა ორგანიზმზე ზეგავლენას ელექტრო სიგარეტის მოხმარება?

2015 წელს ბრიტანელმა ექიმებმა გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნეს, რომ ელექტრო სიგარეტი ჯანმრთელობისთვის 95%-ით ნაკლებად საზიანოა, ვიდრე თამბაქოს მოხმარება.

აღნიშნული ინფორმაცია "ბი-ბი-სი"-მ 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა და სამეფო კარის ექიმების დასკვნაც დაურთო, რომლის თანახმადაც ელექტრო სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

მეცნიერებმა მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო გამოსავალი იპოვეს

დაახლოებით სამი თვის შემდეგ, "ალჯაზირას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრო სიგარეტში არსებული სითხეების უმეტესობა ისეთივე საფრთხისშემცველია ორგანიზმისთვის, როგორც ნიკოტინი.

"დავასკვენით, რომ აღნიშნულ სითხეებში ნიკოტინის შემცველობა 59%-ით მეტია იმ მონაცემებზე, რასაც მწარმოებლები ეტიკეტებზე მიუთითებენ. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოტინის შედარებით დაბალი შემცველობის მქონე სითხეს მოიხმართ, მის დოზას იქამდე გაზრდით, სანამ თქვენი თამბაქოზე შეჩვეული ორგანიზმი არ დაკმაყოფილდება," - აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მონიკა უილიამსი.

შეერთებული შტატების "ფილტვების ასოციაციის" ვებ-გვერდზე კი ელექტრო სიგარეტის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

"ჩვენ არ ვიცით, რა არის ელექტრო სიგარეტი.

2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მის სითხეებში ანტიფრიზი აღმოვაჩინეთ, რომელიც სიმსივნეს იწვევს, 2014 წელს კი ფორმალდეჰიდი (ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი), რომელსაც პოტენციურად სიმსივნის გამოწვევა შეუძლია,"- წერს ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული პროდუქტის შესწავლას ახლაც აგრძელებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ელექტრო სიგარეტის მავნებლობის შესახებ კვლევები არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

"ამ ეტაპზე ზუსტი მეცნიერული მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენად უსაფრთხოა ელექტრო სიგარეტის მოხმარება ტრადიციული თამბაქოს მოწევასთან შედარებით, არ გვაქვს. 2014 წლის ივლისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნული იყო, რომ არსებობს მცირე მტკიცებულება იმისა, რომ ელექტრო სიგარეტი, შესაძლოა, მწეველს დაეხმაროს მოწევისთვის თავის დანებებაში. თუმცა, კვლევით მსგავსი დასკვნის გაკეთება ვერ მოხერხდა", - აცხადებენ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ბოლო ქარხანა დაიხურა

როგორია ელექტრო სიგარეტის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში?

აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან შედარებით, საქართველოში ელექტრო სიგარეტი ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას აქტიურად მოიხმარს.

თბილისში მდებარე ელექტრო სიგარეტის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, აღნიშნული პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა და თამბაქოსთვის თავის დანებების მიზნითაა შექმნილი.

"მას ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს, ეს ბრიტანეთში, ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. რაც შეეხება აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, იქ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და თავის მხრივ თამბაქოს მწარმოებლებიც იბრძვიან ელექტრო სიგარეტის წინააღმდეგ. ელექტრო სიგარეტი ნიკოტინის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და თავის დანებებისთვის ეფექტური საშუალებაა. თავიდან იწყებენ ნიკოტინის უფრო მაღალი რაოდენობით შემცველი სითხით, მერე მას ნელ-ნელა ამცირებენ და ბოლოს საერთოდ უნიკოტინოზე გადადიან", - აღნიშნა ხეთაგურმა.

რაც შეეხება მომხმარებელთა დამოკიდებულებას, ელექტრო სიგარეტის ერთ-ერთი მომხმარებლის თორნიკე კუსიანის თქმით, მას აღნიშნული პროდუქტი თამბაქოსთვის თავის დანებებაში ვერ დაეხმარა, რადგან ამისთვის ნებისყოფა არ ეყო.

"თავის დანებების ეფექტი გარკვეულწილად აქვს, რადგან შეგიძლია, მასზე გადაერთო და ცოტა მეტი ნებისყოფის საშუალებით თავი დაანებო, თუმცა, ჩემი აზრით, გარკვეულწილად მაინც ვნებს ორგანიზმს, რადგან ისიც ნიკოტინს შეიცავს, თუმცა სიგარეტთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა," - აღნიშნავს ის.

პროდუქტის კიდევ ერთი მომხმარებელი, თეონა მჭედლიშვილი კი ფიქრობს, რომ ელექტრო სიგარეტი აბსოლუტურად უსაფრთხო და თამბაქოსთვის თავის დანებების კარგი საშუალებაა.

"მის შესახებ ჩატარებულ კვლევებს არ გავცნობივარ, თუმცა, იმის გამო, რომ ელექტრო სიგარეტს მხუთავი აირები არ აქვს, უფრო კარგი მგონია, ვიდრე სიგარეტი, თანაც თამბაქოსთვის თავის დანებებაში დამეხმარა," - ამბობს მომხმარებელი.

ელექტრო სიგარეტის შესახებ მეცნიერები კვლევებს ახლაც ატარებენ, მისი წარმოება და მოხმარება კი მსოფლიოს მასშტაბით დღითი დღე იზრდება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz