ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ პოლიტიკურ ხედვასა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის მიზეზებზე | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ პოლიტიკურ ხედვასა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის მიზეზებზე

ზურა ჯაფარიძე ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" ხელმძღვანელია. ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, რომლის აქტიური და თავგამოდებული დამცველი იყო, რადგანაც მიაჩნია, რომ იქ იმედები გაუცრუვდა. პოლიტიკაში საქმიანობის მაინცდამაინც დიდი ხნის გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ამჟამად ამ სფეროში თავით არის გადაშვებული.

- 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდით და პარტიის აქტიური სახეც. მანამდე "ნაციონალობის" სურვილი არ გქონიათ?

- 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში მივიღე შემოთავაზება, თუ დამაინტერესებდა, საპარლამენტო სიაში ვყოფილიყავი. არადა, მთელი ცხოვრება საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი (თითქმის ყველა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი: - ევროკომისია, გაერო და ა.შ.) ყველგან საინტერესო პროექტებში ვიყავი ჩართული. ამასთან, ჩემი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც მქონდა. ვატარებდი ლექციებს, ტრენინგებს. რისიც მჯეროდა, იმ საქმეს ვაკეთებდი. მოკლედ, შემომთავაზეს სიაში ყოფნა და დავთანხმდი. მანამდე "ნაციონალური მოძრაობიდან" პირადად არავის ვიცნობდი.

- დღევანდელი ეკონომიკური ჩიხიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- ერთ ადგილზე ვართ გაჩერებულები, ციფრებში მინიმალური ზრდა გვაქვს, რასაც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გრძნობს. უდიდესი ნაწილის ცხოვრება უკან მიდის, ეს სამწუხარო რეალობაა. არადა, ბევრი კარგი მოცემულობა გვაქვს, რომელიც შეგვიძლია, იმისთვის გამოვიყენოთ, რომ წინ სწრაფად წავიდეთ. ამასთან, ძალიან ნიჭიერი ხალხიც ვართ, მაგრამ ბევრი სისტემაა, ჯერ კიდევ საბჭოთა განათლებიდან დარჩენილი, რომელიც ფუნდამენტურად შესაცვლელია. ის ხელს გვიშლის და ამის გამო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, დასაქმების დაძლევა ვერ ხდება, ბიზნესი არ იქმნება, შემოსავლები არ არის.

ელენე ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებსა და საკუთარ არჩევანზე

პრობლემათა მთელი ჯაჭვია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, დანაზოგი ცოტა გვაქვს ან საერთოდ ვერ ვაკეთებთ, შემოსავალი თვიდან თვემდე არ გვყოფნის. რადგან საკუთარი ფული ცოტა გვაქვს, უცხოური ინვესტიცია გვესაჭიროება. ამ მხრივაც გარკვეული პრობლემები, რისკები და შეზღუდვებია. ის, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. უცხოელი არ დებს ინვესტიციას, რადგან არ იცის, 5 წელიწადში რას იზამს რუსი. ეს უამრავი შეზღუდვა ასე უცებ ვერ გამოსწორდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სასწორის ერთ პინაზე უნდა დაიდოს შეზღუდვები და რისკები, რომელიც წინსვლას აფერხებს და მეორზე ის, რაც ამას ყველაფერს სწრაფად გადაწონის.

- რა გადაწონის?

- გავაუქმოთ რამდენიმე გადასახადი და დავწიოთ. ამის შემდეგ უცხოელმა უნდა გარისკოს და აქ თანხა წამოიღოს...

- რატომ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები და შექმენით "ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"? "ნაციონალებმა" თქვენს თვალში ნდობა დაკარგეს?

- როცა წამოვედი, მაშინაც გავაკეთე საჯარო განცხადება, რომ დეტალებზე და შიდა სამზარეულოზე არასდროს ვილაპარაკებდი და ამას სიკვდილამდე დავიცავ, შიდა სამზარეულოს არ შევეხები, თუმცა იმედგაცრუება ბევრი მიმართულებით მქონდა. პარტიისთვის 2013-2014 წლებში რთული მდგომარეობა იყო, ქვებს გვესროდნენ, მაგრამ მაშინ მიმაჩნდა, რომ ოპოზიციური პარტია უნდა გადარჩენილიყო და ბუნებრივია, ვერანაირად გადავდგამდი ნაბიჯს, პარტიის რიგები დამეტოვებინა.

თუმცა მაშინ მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც წარმომედგინა. შეიძლება იდეალისტი ვარ და პოლიტიკური პარტიებისგან ზედმეტს ვითხოვ... ჩემი იმედგაცრუების მიზეზი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტორი, მიზეზების წყებაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, იქ მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. მანამდე თუ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, რა არის ზოგადად პოლიტიკა და ქართული პოლიტიკა, ახლა საკმარისი გამოცდილება მაქვს.

- პოლიტიკურ ცენტრს "გირჩი" რატომ დაარქვით?

- რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სახელებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც შეიძლება ერქვას სოციალ-დემოკრატიული და შინაარსით იყოს ფაშისტურ-ლიბერალური, ერქვას კონსერვატორები და ლიბერალები იყვნენ. სახელებს იმიტომ არქმევენ, რომ სერიოზულები ჩანდნენ.

ვინაიდან ტყუილები არ გვიყვარს, არ გვაქვს გრძელი და გაუგებარი სახელი.

235 ნომრით დავრეგისტრირდით, ჩვენ შემდეგ სხვები კიდევ დარეგისტრირდნენ. რთულია, ამდენ პარტიაში გამოჩნდე. მოკლედ, გვაქვს ისეთი სახელი, რომელიც საბოლოოდ ადამიანებში ნეგატივს არ იწვევს. თუმცა თავიდან "გირჩზე" ყველამ რაღაც თქვა. ცხადია, იყო დაცინვაც. თუმცა წინასწარ ქუთაისში, დიდი იუმორის ქალაქში დავტესტეთ ანუ აზრი ქუთაისელებს ვკითხეთ და მივხვდით, რომ სახელი ნეგატივს არ იწვევდა.

- "ნაციონალური იმიჯი" გამარჯვებაში ხელს არ შეგიშლით?

- პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან კომფორტული ცხოვრება მქონდა - სანამ ამ საქმეში თავით გადავხტებოდი. გითხარით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და ყოველთვის კარგი შემოსავალი მქონდა. ვმუშაობდი დილის 10-დან, საღამოს 6 საათამდე. სრული თავისუფლება მქონდა, - არც მე ვნერვიულობდი და არც - ჩემი ოჯახი. თუმცა, პოლიტიკა არის სფერო, რომლისკენაც ნაბიჯს გადადგამ თუ არა, მაშინვე ტალახს გესვრიან. შეუძლებელია, პოლიტიკოსი იყო, ყველას უყვარდე და შენ მიმართ არ მოიმატოს აგრესიამ...

- პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ ნანობთ?

- არა, რადგანაც მგონია, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ შევცვალე. შეიძლება მარტომ არა, მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანე, რომ რაღაცები შემეცვალა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ბიუჯეტსა და ეკონომიკურ ზრდაზე ციფრებით დავიწყე ლაპარაკი. წინა პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შეკითხვა დავუსვი, - რამდენია ბიუჯეტი-მეთქი და "გაიჭედა". მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს ვკითხე, ინფლაცია რა არის-მეთქი და არ იცოდა. შემდეგ ბიუჯეტში ყველამ ჩაიხედა და ციფრებსაც გაეცნენ. ელემენტარულ ეკონომიკურ საკითხებში გაერკვნენ, დისკუსია და დებატი ეკონომიკურ საკითხებზე ისეთი სიღრმისეული, როგორიც ახლაა, სხვა დროს არ მახსოვს.

- მარიხუანას ლეგალიზაციაზეც ხომ საუბრობდით...

- ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც მარიხუანას ლეგალიზაციაზე ვლაპარაკობდი, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მეკამათებოდნენ, მომხმარებლები უნდა დავიჭიროთო, რაღაცებს ბოდავდნენ და ამის გამო ასობით ათასი ადამიანი პრობაციაზე ჰყავდათ.

ბოლო კვლევა რომ ვნახე, 70% ამბობს, რომ ადამიანი მარიხუანას მოხმარების გამო ციხეში არ უნდა ჩასვა.

ეს იმან მოიტანა, რომ ამ თემაზე პარლამენტში ვდებატობდით, დისკუსია გავშალეთ. ჯარის თემაზე დღეს ყველა ლაპარაკობს, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა გასაუქმებელია. პირველები ვიყავით, ვინც ეს ვთქვით. ამით ახალგაზრდებს ცხოვრებას უმწარებენ. უნდა გაუქმდეს და პროფესიული არმიითა და რეზერვით ჩანაცვლდეს. ესენია თემები, რომლებზეც საუბარი ჯერ კიდევ "ნაციონალურ მოძრაობაში" დავიწყე და ახლაც მუდმივად ვლაპარაკობთ.

- განათლებით ექიმიც ყოფილხართ. თავს დაკარგულ ექიმად არ მიიჩნევთ?

- არა, მედიცინას თავი იმის გამო დავანებე, რომ ბუნებით არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება ექიმი იყოს. სკოლა 1992 წელს დავამთავრე. იმის გამო, რომ მათემატიკა კარგად მესმოდა, მშობლების სურვილი იყო, ეკონომიკურზე ჩამებარებინა, კიდევ კარგი, არ ჩავაბარე. იქ ალბათ სისულელეებს მასწავლიდნენ და ახლა რა აზროვნებაც მაქვს, არ მექნებოდა.

ჩემი ძმა ფილოლოგია, ყოველთვის ბევრი კარგი წიგნი ჰქონდა, ასევე მამაჩემს და ბაბუასაც. ასეთ გარემოში კითხვა მეც დავიწყე. რთული წლები იყო, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილი გახლდათ და რატომღაც, ზოგადად ადამიანით დავინტერესდი; მისი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური არსება მაინტერესებდა და ამის გამო სასწავლებლად "სამედიცინოზე" წავედი. კარგად ვსწავლობდი და კარგადაც დავამთავრე, მაგრამ მესამე კურსზე, როცა სხვა ტიპის საგნების სწავლა დავიწყე, ცოტათი აზრი შემეცვალა და მივხვდი, რომ ექიმობისთვის შესაბამისი განწყობილება იყო საჭირო. მგონი, მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ადამიანმა იპოვოს, რა არის მისი ინტერესის სფერო, ცხოვრების აზრი. ამისთვის ბევრი რამ უნდა სცადო, შეიძლება ვერც მიაგნო, მაგრამ უნდა სცადო. ბევრ სფეროში მაქვს გამოცდილება მიღებული.

- თავისუფალ დროს რას უთმობთ?

- ახლა უკვე ვერაფერს. თუ რაღაც დრო მრჩება, შეიძლება ბავშვს დავუთმო, პატარა გოგონა მყავს, 2 წლი-ნახევრის. დილით სახლიდან გამოვდივარ და სძინავს, საღამოს შევდივარ და ასევე სძინავს. გვიან ღამით ან დილას ადრე თუ წიგნის რამდენიმე ფურცელი წავიკითხე, კარგია. მეგობრებისთვის დრო არ მრჩება, პირიქით, აქეთ თუ მოვლენ და მინახულებენ. ვარჯიშსაც ვეღარ ვახერხებ, არადა, კუს ტბაზე კვირაში რამდენჯერმე დავრბოდი და კარგ ფორმაში ვიყავი. "ფორდ ბოიარდის" თამაშებში ვმონაწილეობდი. "აირზენას" გუნდის კაპიტანი ვიყავი. ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მქონდა გარდა იმისა, რომ მათი თვითმფრინავით მიფრენია. უბრალოდ, მათ გუნდში მოვხვდი, თამაში მოვიგეთ და ყველაზე მეტი ფული წამოვიღეთ...

ლალი ფაცია

იხილეთ სრული ვერსია

myquiz