ნინო ბურჯანაძე საპენსიო რეფორმაზე საუბრობს | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე საპენსიო რეფორმაზე საუბრობს

პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და მიბმული უნდა იყოს ლარის კურსზე, - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელმაც რუისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოსახლეობის აზრით, უმნიშვნელოვანესია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.

"პენსია ნამდვილად უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და ის მიბმული უნდა იყოს ლარის კურსზე, რომ არ გაუფასურდეს. სოციალურად დაუცველებს უნდა ჰქონდეთ უფასო მედიკამენტები, სოციალური დაცვის გარანტიები, ახალგაზრდებს სწავლის გარანტიები, უმუშევრებს კი უნდა მიეცეს ექვსთვიანი უმუშევრობის შემწეობა და ამ ექვსი თვის მანძილზე ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს მას ღირსეული სამსახური. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე.

ვისაუბრეთ რუსეთის ბაზარზე, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ქართველი გლეხისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. ვისაუბრეთ რუსეთთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და დამეთანხმებით, რომ არც ერთ ადამიანს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვინდა ურთიერთობა და "უბლოკო სტატუსი" არ გვინდა და ნატო-ში გვინდა შესვლაო. მე დავდივარ რაიონებში და ვხედავ ადამიანების განწყობას. ბუნებრივია, ჩვენს მოქალაქეებს უნდათ ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობა - დასავლეთთანაც, აღმოსავლეთთანაც, სამხრეთთანაც, მაგრამ მათ ნამდვილად მიაჩნიათ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და მე მათ ამ დარეგულირებას ვპირდები.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე მოსახლეობა იქნება აქტიური, მხარს დაუჭერს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას" და აუცილებლად შემოხაზავს ნომერ სამს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

myquiz