იტალიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ | Allnews.Ge

იტალიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

იტალიაში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. როგორც მეზღვაურის, გიორგი კვაჭაძის დედამ, თამარ სამიტაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, 52 დღეა თურქული გემი ხმელთაშუა ზღვაშია ბლოკირებული, რომელზეც მხოლოდ სამი ქართველი მეზღვაური დარჩა, რადგანაც "ეკიპაჟის წევრებმა და კაპიტანმა ხოლამლდი მიატოვეს და გაიქცნენ".

თამარ სამიტაშვილის თქმით, ქართველი მეზღვაურები იტალიაში საქართველოს ელჩის დახმარებით ჩავიდნენ და ელოდებიან სასამართლო პროცესს.

"მოხდა გემის ბლოკირება. შექმნილი მდგომარეობის გამო ყველა მეზღვაური გაიქცა, კაპიტნის ჩათვლით. ჩემი შვილი და კიდევ ორი ქართველი მეზღვაური დარჩა გემზე, ხელფასიც არ ჰქონდათ აღებული. ჩემი შვილი დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს ელჩს, რომელმაც ძალიან სწრაფად მოახერხა მეზღვაურების სიცილიაში ჩაყვანა და უზრუნველყო მათი საკვებით მომარაგება. ამჟამად გემი დაყადაღებულია. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იტალიამ. გემზე არის 7 მილიონამდე ტვირთი - მძიმე მეტალი.

ოთხი თვეა არ აუღიათ მეზღვაურებს ხელფასი", - აღნიშნა თამარ სამიტაშვილმა.

ფაქტის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორი კვირის წინ გააგებინეს. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანუკა აროშიძემ განაცხადა, მეზღვაურები სიციალიაში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან.

"მას შემდეგ, რაც მეზღვაურები დაგვიკავშირდნენ, დავეკონტაქტეთ იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს იმის დასადასტურებლად, რომ მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის კურსში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და იტალიის სანაპირო დაცვის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გემი გადაყვანილ იქნა ნაპირთან. იტალიაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით კი, მეზღვაურებს საკვების და წყლის პრობლემა არ აქვთ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე ყოველდღიურ კავშირზეა მეზღვაურებთან. ეს არის სახელფასო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის. ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურები იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან", - აღნიშნა ნანუკა აროშიძემ.

myquiz