დაჭრილ ადვოკატს, ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია უტარდება | Allnews.Ge

დაჭრილ ადვოკატს, ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია უტარდება

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი პირი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. ამის შესახებ "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

"სამწუხარო ფაქტია, რომ ადვოკატზე მოხდა თავდასხმა. მას აქვს ცეცხლსასროლი დაზიანება. მისი მდგომარეობა მძიმეა. მე შევხვდი კლინიკის დირექტორს. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადვოკატის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხოლო შემდეგ გამოძიება გაარკვევს, თუ რა მოხდა. მე როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ვიბრძოლებ, რომ უმკაცრესად იყოს დასჯილი ყველა ის პირი, ვინც ადვოკატის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე", - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისივე შეფასებით, მომხდარი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქეები დაუცველები არიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ამჟამად ოპერაცია უტარდება.

"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ის საოპერაციოში იმყოფება. როდესაც შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში. თუმცა ადეკვატური იყო", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.