გონიოში დაკარგული სამხედროების პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს | Allnews.Ge

გონიოში დაკარგული სამხედროების პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს

გონიოში ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის პატივის მიგების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე ზომის მცურავი საშუალებიდან ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. სამხედრო წესის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზალპი დასცეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა გონიოში მიბრძანებისთვის და თანადგომის გამოხატვისთვის.

"მთელი მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით პატრიარქს მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის. ეს არის თითოეული ჯარისკაცის მიმართ გამოხატული თანადგომა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ამ დღეებში ვგრძნობდით საზოგადოების თითოეული წევრისგან, ეს არის გამოხატულება იმისა, რომ თითოეული ზრუნავს ჯარისკაცის ბედზე. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თავდადებულ, ვაჟკაც ადამიანებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას და სამძიმარს ოჯახის წევრების მიმართ და ჩვენ სულ მათ გვერდით ვიქნებით", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ. "გამოძიების პროცესში ჩართულია პროკურატურა და ახლო მომავალში მოვისმენთ სამართლებრივ შეფასებას", - აღნიშნა იზორიამ.

თავის მხრივ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ცოცხლები არიან.

"მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა. ღმერთმა მალე გამოაჩინოს ისინი, შევწიროთ მადლობა უფალს, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. მთელი საქართველო წუხს, რომ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ. ღმერთმა დალოცოს ისინი და მალე დააბრუნოს საქართველოში. ღმერთი მოწყალეა და იმედია ჩვენი ლოცვა იქონიებს დიდ ძალას და ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი გონიოში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მივიდა, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები მოინახულა და დალოცა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან.

myquiz