თავდაცვის სამინისტროში ლევან მამფორიასა და ლევან იზორიას ნათესაური კავშირი უარყვეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია "დეზინფორმაციას" უწოდებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საპატრულო პოლიციის დაკავებულ თანამშრომელსა და ლევან იზორიას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს და აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდონ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიმართულია თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისკენ.
"ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავია, არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია. ლევან მ.-ს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან. ამასთან, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიმართულია ლევან იზორიას დისკრედიტაციისკენ, რაც სამწუხარო ფაქტია", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ლევან მამფორიას ნათესავი აკეთებს. სოფო კაკაჩიას თქმით, ლევან მამფორია საპატრულო პოლიციის ზუგდიდის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს, სადაც ბრალი წაუყენეს, ამჟამად კი გადაყვანილია ე.წ. მოდულის შენობაში. გარდა ამისა, ჩხოროწყუში, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.
"ჩვენთვის, ლევან მამფორიას ნათესავებისა და ახლობლებისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს", - აცხადებს კაკაჩია.
იგი ასევე უარყოფს, რომ დაკავებულს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან რაიმე ნათესაური კავშირი აქვს.
ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია.