ვის ევალება კვალიფიციური მძღოლის მომზადება | Allnews.Ge

ვის ევალება კვალიფიციური მძღოლის მომზადება

ბოლო პერიოდში საქართველოში ავტოსკოლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ წარწერა "ავტოსკოლა", მათი რეკლამები გვხდება სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში.

სატრანსპორტო-საგზაო სპეციალისტების აზრით, უცოდინარი და არაპროფესიონალი მძღოლებისს მომრავლება გარკვეულწილად ავტოსკოლებში არსებული სიტუაციის ბრალია. მათი თქმით, ბევრი ავტოსკოლა დასახურია, ამ კუთხით კი რეფორმის გატარება ხელისუფლების ვალდებულებაა.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის თქმით, მძღოლებმა ავტომობილის მართვა პრაქტიკულად იციან, თუმცა თეორიული ნაწილი - საგზაო ნიშნები და მოძრაობის წესები, არა. ამაში კი, როგორც ურუშაძე ამბობს, დამნაშავე ის ავტოსკოლაა, სადაც მძღოლი თეორიულ ნაწილს სწავლობს. სპეციალისტის თქმით, მძღოლებს ავტოსკოლების უმეტესობა მხოლოდ მართვის მოწმობის ასაღები გამოცდისთვის ამზადებენ და უფრო ფართო ცოდნას ამ სფეროში არ აძლევენ.

"B კატეგორიის ავტოსკოლის გახსნას საერთოდ არაფერი სჭირდება, არც ლიცენზია არც ორგანიზაციის შექმნა, ნებისმიერ ოთახში, სადარაზოში შეუძლია პირს გახსნას ავტოსკოლა, მაგრამ ეს ავტოსკოლა არ არის, ეს არის მოსამზადებელი ცენტი, სადაც პოტენციურ მძღოლებს, ვისაც სურს მართვის მოწმობის აღება, ასწავლიან თუ როგორ უნდა ჩააბარონ გამოცდა, ხშირ შემთხვევაში ტესტებს აზეპირებინებენ. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, C,D,E ამისათვის საჭიროა ლიცენზია, მაგრამ ამ ავტოსკოლებს არავითარი ტექნიკური ბაზა არ აქვთ".

მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება

ვასო ურუშაძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოაწესრიგოს ეს სფერო და როგორ აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც სატრანსპორტო სისტემაშია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახანს დაიწყო ლაპარაკი მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის გამკაცრებაზე, რომ თითქოს გამოცდებს გადაიტანენ ქუჩაში, რაც ვერანაირად ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა.

ყველა პოტენციურმა მძღოლმა პრაქტიკულად იცის ავტომობილის მართვა და ამ ე.წ. გამკაცრებითაც მაინც აიღებენ მართვის მოწმობებს,

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მძღოლებს არ აქვთ განათლება, არ იციან საგზაო ნიშნების მნიშვნელობა და მოძრაობის წესები, როდის სად უნდა გადაუხვიონ, ვის როდის უნდა დაუთმონ გზა და ა.შ.

ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლის ავტოსკოლები, იქ მხოლოდ მართვის მოწმობის ასაღები გამოცდებისთვის არ უნდა ამზადებდნენ და ტესტებს არ უნდა აზეპირებინებდნენ. მაგალითად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკაა - ყველა ავტოსკოლისთვის სახელმწიფო გასცემს აკრედიტაციას.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალები - საფრთხე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის

მაგალითად, თუ X ავტოსკოლის მიერ მომზადებული პოტენციური მძღოლი გამოცდაზე ჩაიჭრება, ამ ავტოსკოლას მიენიჭება მინუს 1 ქულა და გარკვეული რაოდენობის ქულების დაგროვების შემდეგ, სახელმწიფო მას ართმევს აკრედიტაციას. ამიტომ პირდაპირ ავტოსკოლის ინტერესია არ გაუშვას მოუმზადებელი მძღოლი გამოცდაზე, ამის შედეგი კი ის იქნება, რომ მძღოლს ექნება მართვის მოწმობაც და შესაბამისი განათლებაც ამ სფეროში", - ამბობს ვასო ურუშაძე.

"ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კატასტროფული ზრდის ერთერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის საგანმანათლებლო სისტემა, სადაც განათლებას იღებენ მომავალი მძღოლები.", - აცხადებენ "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში".

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, დღეს საქართველოში ათასზე მეტი ავტოსკოლაა და მათი დიდი ნაწილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი არ არის. მათვე თქმით, ავტოსკოლები ამზადებენ მოსწავლეებს მხოლოდ იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღონ, რისთვისაც იყენებენ არაერთ ხრიკს.

"არ არსებობს ერთიანი სასწავლო პროგრამა, სასწავლო ავტომობილები არ არიან აღჭურვილები დამატებითი სატერფულებით, უკანა ხედვის სარკით, ხოლო ოფისები საგზაო ნიშნებით.

ავარიების გაზრდილი სტატისტიკა და მსხვერპლი საქართველოში

არადამაკმაყოფილებელია პედაგოგ-ინსტრუქტორების კვალიფიკაციაც. არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილებს ატარებენ პედაგოგები, რომელთაც თავად არ აუღიათ მართვის მოწმობა. გამოჩნდა ახალი მეთოდიც, სახლში მისვლით მომზადება, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 6 432 ავარია მოხდა, რომელთა შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 602 გარდაიცვალა.

სპეციალისტების შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს ავტოსკოლებს, არ ხდება მათი შემოწმება, რაც საბოლოოდ გვაძლევს გაუნათლებელ მძღოლს.

თეა ბეჟიტაშვილი