დისკრიმინაცია სქესის გამო, ანუ რატომ იჩაგრება საქართველოში დასაქმებული ქალი | Allnews.Ge

დისკრიმინაცია სქესის გამო, ანუ რატომ იჩაგრება საქართველოში დასაქმებული ქალი

შრომის უფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებათა რიგს მიეკუთვნება. გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, სამსახური პიროვნების თვითრეალიზაციისა და პოტენციალის გამოვლენისთვისაც მნიშვნელოვანია.

საქართველოში, სადაც მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, არც დასაქმებულები არიან იდეალურ პირობებში.

სხვადასხვა დამსაქმებლის მიერ ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. ამ რისკის ქვეშ ძირითადად ქალები არიან. დისკრიმინაციის მიზეზი, როგორც წესი, ხშირად ორსულობა, მშობიარობა და დეკრეტული შვებულება ხდება.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ALLNEWS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე სასამართლოშია შეტანილი ერთ-ერთი მსგავსი უფლებადარღვევის საქმე.

"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცია ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს

მისი ინფორმაციით, დედა, რომელიც შვილის ოპერაციისა და მისი რეაბილიტაციის პერიოდში ბიულეტენზე არ გაუშვეს, დამსაქმებელს უჩივის.

"ამ ქალის უფლებები ნამდვილად შელახულია, ვინაიდან დასაქმებულს ბიულეტენზე გასვლის უფლება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაშიც შეუძლია. ასევე ერთი შემთხვევა გვქონდა ახმეტაში, სადაც ორსული გაათავისუფლეს სამსახურიდან. მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია", - აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ხშირად ქალები შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას ვერ ახერხებენ, რადგან აქვთ მოლოდინი რომ ამ მოთხოვნების მიმართ დამსაქმებლის განწყობა ნეგატიური იქნება.

"მაგალითად, დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ამ უფლებით სარგებლობას ბევრი უბრალოდ არ ითხოვს, რადგან იცის დამსაქმებლის წინასწარი განწყობა," -აღნიშნავს გოჩა ალექსანდრია.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შრომის კოდექსში ჩადებული მუხლების განხორციელებაზე და დაეხმაროს მშრომელებს კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში.

"ამისთვის უნდა არსებობდეს შრომის სრულფასოვანი ინსპექცია. ის, რაც დღეს გვაქვს არ არის არც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი და არც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს უფლება შეამოწმოს ისეთი დამსაქმებლები, ორგანიზაციები საიდანაც მოდის საჩივრები, რომ შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ დასაქმებულებს და თუნდაც, ოჯახური ვალდებულებების შესრულებაში უშლიან ხელს,"- აღნიშნავს ალექსანდრია.

"პროკრედიტ ბანკი" სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს 31 602 ლარს გადაუხდის

მისივე მოსაზრებით, დასაქმებულმა მშობლებმა თავადაც უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა დამსაქმებლის მხრიდან.

"ყველა ცივილურ ქვეყანაში, ქალებს საჭიროების შემთხვევაში, აქვთ უფლება გამოიყენონ ბიულეტენი წელიწადში რამდენჯერმე.

დეკრეტულ შვებულებაში გასულ დედას კი დამსაქმებელი არათუ არ უნდა ათავისუფლებდეს დაკავებული პოზიციიდან, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მის რესოციალიზაციას. მას უნდა მიეცეს გარკეული დრო, იმისათვის რომ გამოტოვებული პერიოდი და განცდილი დეკვალიფიკაცია აინაზღაუროს და კვლავ იყოს კონკურენტუნარიანი თავის სამუშაო ადგილზე," - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.

ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია კი დასაქმებული დედების მთავარ პრობლემად საბავშვო ბაღებისა და მითუმეტეს სკოლების სამუშაო გრაფიკს ასახელებს.

შეცდომები, რომელიც სამსახურში არ უნდა დაუშვათ

"განსაკუთრებით თვალშისაცემია საბავშვო ბაღებისა და სკოლების გრაფიკი, რომელიც არ ემთხვევა სამუშაო გრაფიკს. ზაფხულში ბაღებიც ისვენებს, რაც განსაკუთრებულ ტვირთად სწორედ ქალებს აწვება, რომლებიც არიან ბავშვების ძირითადი მომვლელები. ფაქტობრივად, თუ ოჯახს არ აქვს საშუალება რომ აიყვანოს ძიძა, დედა იძულებულია, სამსახურზე ფიქრსაც კი თავი დაანებოს, ვინაიდან გრაფიკის შეთავსება თითქმის შეუძლებელია. დამსაქმებლები კი დედების პრობლემებს ნაკლებად ითვალისწინებენ. ასოცირების დღის წესრიგით გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მშობლებისთვის ხელშემწყობი პირობები არსებობდეს, თუმცა საქართველოს მთავრობას ამ საკითზე მუშაობა არც კი დაუწყია," - აცხადებს პატარაია.

ქალთა მოძრაობის წევრი აღნიშნავს, რომ გენდერულად ქალებს ოჯაში ძალიან ბევრი დამატებითი ფუნქცია აკისრიათ. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ კონკრეტულ დამსაქმებლელს ქალის სამსახურში აყვანა მაინც და მაინც არ სურთ, ხშირად უკავშირდება მოლოდინს, რომ ქალი უფრო დაკავებულია, მას მეტი პრობლემა შეექმნება და შესაბამისად, დიდ დროს ვერ დაუთმობს სამსახურს.