პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა | Allnews.Ge

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც  საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მინდია გოგოჭური უწყებაში 15:00 საათზე, მოწმის სახითაა დაბარებული. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

შეგახსენებთ, გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებს სკანდალურ საქმეებში. მისმა სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო).

გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც. "ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა. მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

myquiz