კალათბურთის ფედერაცია - ბექა წივწივაძე სლოვენიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ იმყოფება | Allnews.Ge

კალათბურთის ფედერაცია - ბექა წივწივაძე სლოვენიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ იმყოფება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველი კალათბურთელის, ბექა წივწივაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ინტერპრესნიუსს" ფედერაციაში დაუდასტურეს, რომ ბექა წივწივაძე, რომელიც, გავრცელებული ცნობით, რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ ეროვნულ ნაკრებს არ შეერთებია.

მათივე განმარტებით, ბექა წივწივაძე ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სლოვენიაში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მან ნაკრების ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ტრავმა აქვს და შეკრებაზე ვერ ჩავიდოდა.

ფედერაციაში არ ფლობენ ინფორმაციას, მოხდა თუ არა ჩინეთიდან ჩამოსვლისას ბექა წივწივაძის დაკავება.

სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს

"ჩვენ სლოვენიაში ვართ უკვე ერთი კვირაა. ველოდებოდით მის ჩამოსვლას, თუმცა გვაცნობა, რომ აქვს ტრავმა და ამის გამო ნაკრებს ვერ შემოუერთდება", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი პერტაიამ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა. შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

myquiz