ხმაურის შემთხვევაში აღარ დაგვაჯარიმებენ | Allnews.Ge

ხმაურის შემთხვევაში აღარ დაგვაჯარიმებენ

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდებოდა, თუმცა ამისათვის, პროექტი პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა.

კანონპროექტის ავტორი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე იყო. კანონპროექტის თანახმად, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები უნდა ყოფილიყო 40 დეციბელის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე - 30 დეციბელის ფარგლებში.

დაწესებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 150-300 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500-1000 ლარს გაუტოლდებოდა. პროექტის მიხედვით, ხმაურზე რეაგირება პატრულს უნდა მოეხდინა, რომლის გამოძახებაც 112-ის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი.

თუმცა, როგორც კანონპროექტის ავტორმა, თედო კობახიძემ Allnews.ge-ს განუცხადა, კანონპოექტს პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს.

"სამწუხაროდ კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

მართალია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოგვცა თანხმობა, მაგრამ იურიდულ საკითხთა კომისიაზე ერთი ხმა დააკლდა, ვინაიდან კანოპროექტი ჩავარდა, მსგავსი საკითხის გატანა კვლავ რომ დავაპიროთ, ამ წელს პარლამენტი მის დარეგულირებას მაინც ვერ მოასწრებს.

"დღეის მდგომარეობით, ადამიანს ხმაურმა დღის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა შეაწუხოს, არ მოქმედებს კანონი, რომელიც მის უფლებას დაიცავს.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ დროს საპატრულო პოლიციას გამოიძახებენ თუ სხვა უწყებას, ხმაურის გამომწვევს ვერავინ დააჯარიმებს, რადგან კანონი არ არსებობს.

ერთადერთი შეიძლება საპატრულო პოლიცია მივიდეს ადგილზე და ოქმში დააფიქსიროს ფაქტი, მაგრამ როგორც ასეთი, საჯარიმო სანქცია არ არსებობს.

პატრულმა შეიძლება უბრალოდ ადამიანურად თხოვოს პიროვნებას, რომ სხვა წუხდება და არ იხმაუროს, თუმცა ხმაურის ავტორმა ეს თხოვნა რომ არ შეასრულოს, მას ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს, რადგან ამის უფლება არ აქვთ“, - ამბობს თედო კობახიძე.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალში ხმაურთან დაკავშირებული რაიმე სახის რეგულაცია არ არის, ამიტომ საპატრულო პოლიციას არ აქვს უფლება მსგავსი ფაქტები აღკვეთოს.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz