ოთარ დანელია - სამეგრელოში საკმაოდ მძიმე სურათია | Allnews.Ge

ოთარ დანელია - სამეგრელოში საკმაოდ მძიმე სურათია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოთარ დანელიამ განუცხადა, ყველა მინისტრი რეგიონებშია გასული.

"მე სამეგრელოში ვიმყოფები. ვარ მარტვილში, ვიყავი აბაშაში და მივდივარ სენაკში. ყველგან საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ძალიან ძლიერი სტიქია იყო. დატბორილია დიდი მასივები - საუბარია ათასობით ჰექტარზე, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურებაა მსხვერპლი - ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი და მაშველი დაიღუპნენ", - განაცხადა დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, დატბორვის პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და წყლის საკმადო დიდი მასა ამ წუთებშიც მოდის.

მისივე თქმით, დაახლოებით, 2000 ჰექტრამდე დატბორილია სენკაში, ვინაიდან დიდი რაოდენობით წყალმა დამბა დააზიანა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ასევე არის ინფრასტრუქტურული ზარალი, მათ შორის, ხიდები, სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები.

"საკმაოდ მძიმე სურათია. მუშაობს კომისია ადგილზე. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებ. დიდი ოდენობის ზარალი იქნება. ძირითადად, ეს იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულებები, რადგან რამდენიმე ხიდია წაღებული", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფება შესაბამისი სამსახურები და ხიდების, გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

"ყველაზე დიდი ტრაგედია ეს ორი გარდაცვლილი ადამიანია. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. დანარჩენს ყველაფერს ეშველება", - განაცხადა დანელიამ.

myquiz