ბათუმი და ქობულეთი სამი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშე რჩება | Allnews.Ge

ბათუმი და ქობულეთი სამი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის გარეშე რჩება

ხვალიდან აჭარის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს, ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზმომარაგება სამი დღით შეუწყდება. მიზეზი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოებია.

აქტიურ ტურისტულ სეზონზე გაზის გამორთვის გამო საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და ბინების მფლობელები მოსალოდნელ დისკომფორტსა და პრობლემებზე საუბრობენ.

მოსახლეობის ნაწილმა დენის მოწყობილობებზე ადაპტირება მოახერხა, უმრავლესობა ჯერ კიდევ ეძებს გამოსავალს:

მალვინა დუმბაძე - საოჯახო სასტუმროს მენეჯერი

გაზის გათიშვა გამოიწვევს თბილი წყლის არ ქონას და ეს იქნება პრობლემა, შეიძლება ზოგიერთმა პრეტენზია იმ დონეზე გამოთქვას, რომ დაგვტოვოს და წავიდეს.  დენზე არ გვაქვს წყლის გამათბობლები, მხოლოდ გაზზე გვაქვს. ზამთარშიც გვქონდა მსგავსი შემთხვევა.

დიანა ბოლქვაძე - ბულვარში კაფეს მენეჯერი

დისკომფორტს, რა თქმა უნდა, შეგვიქმნის, რომ ჩაირთოს ღუმელი, ვისარგებლოთ გაზით, უნდა შევიძინოთ გაზის ბალონი და ერთ კამფორაზე ვიმუშაოთ.

მანანა წულუკიძე - კერძო ბინების მფლობელი

რუსეთიდან და უკრაინიდან მყავს ტურისტები, ჩემი ბინა მუშაობს ბუნებრივ აირზე, იმის გამო, რომ გამორთვის შედეგად დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ ვიყიდე დენის გამათბობელი, რომელიც ჩემთვის ზედმეტი ხარჯია.

ეკა ლომაძე - რესტორნის მენეჯერი

ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით მოვემზადეთ რადგან გაგვაფრთხილეს. მოგვიტანეს განცხადება, სადაც წერია, რომ გაზი გაითიშება 24 ივნისიდან და ზუსტად ცნობილი არ არის როდის ჩაირთვება. ჩვენმა ხელმძღვანელობამ შეავსო გაზის ბალონები და შეძლებისდაგვარად ვიმუშავებთ.

ირაკლი ლორია - ბარის მენეჯერი

გაზის გამორთვა შეგვიქმნის პრობლემას, მაგრამ არ შეგვაფერხებს იმიტომ, რომ სამზარეულო სანახევროდ ელექტრო ენერგიაზე გვაქვს ადაპტირებული.

ტურისტულ სეზონზე გაზის გამორთვას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მთავრობისა და გაზის კომპანიის უპასუხისმგებლობით ხსნის. ორგანიზაციის ანალიტიკოსის ნათია ზოიძის თქმით, ავარიას ან დივერსიას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ, კომპანიასა და მთავრობას უნდა ემუშავა კოორდინირებულად და ტურისტულ სეზონამდე ან მის შემდეგ განეხორციელებინა სამუშაოები.

ნათია ზოიძე ფიქრობს, რომ ამ სეზონზე გაზის გამორთვა დააზარალებს მოსახლეობას და შელახავს ტურისტული რეგიონის რეპუტაციას:

"ეს გადაწყვეტილება დააზარალებს ძირითადად იმ სეგმენტს, რომელიც მუშაობს საშუალო შემოსავალზე. ეს არის ტურისტული რეგიონის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. დიდი კორპორაციუბი გამონახავენ რესურსს, მაგრამ ამ სეგმენტს ძალიან გაუჭირდება ალტერნატიული რესურსის გამონახვა. ბინები უკვე წინასწარ არის დაჯავშნილი, თანხები გადახდილია, ეს გამოიწვევს ზარალს მოქალაქეების მხრიდან, ასევე შელახავს რეგიონის როგორც ტურისტული რეგიონის რეპუტაციას", - აღნიშნა ნათია ზოიძემ.

ბუნებრივი აირის გამორთვის შესახებ მოსახლეობას აჭარის მთავრობამ და კომპანიამ რამდენიმე დღით ადრე აცნობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის:

"პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს არის როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე სამომავლოდ მნიშვნელოვანი ეტაპი. მინდა მოსახლეობა გაგებით შეხვდეს ყველაფერს.

ამ პროცესს თუ არ განვახორციელებთ სამომავლოდ შესაძლოა ავარიული ვითარება შეგვიქმნას. მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით და თხოვნა გვექნება დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

სოკარ გაზი აჭარას დირექტორი დავით ლეკიშვილი სარეაბილიტაციო სამუშაოებს გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. ის მოსახლეობას მოუწოდებს გაზის ონკანები გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და დაიცვან უსაფრთხოების წესები:

"გზის მაგისტრალი კვეთდა ცენტრალური გაზის მაგისტრალს და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე აშენდა ახალი მაგისტრალური გაზსადენები. 24-დან სწორედ ამ ახალაშენებულ მაგისტრალზე გადავა გაზის მილები. ყველა მომხმარებელმა დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოს გაზის ონკანები. ჩართვის მომენტში ჩვენი კომპანია შესაბამისი საძახისებით აცნობებს მოსახლეობას გაზის ჩართვის შესახებ", - აღნიშნა დავით ლეკიშვილმა.

სამდღიანი გათიშვის შემდეგ გაზმომარაგება ქობულეთში 26 ივნისიდან აღდგება, ხოლო ბათუმსა და ხელვაჩაურში 27 ივნისიდან.

ნინო ხოზრევანიძე

 

 

myquiz