რა ხარვეზებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რას გულისხმობს მისი კონტროლის მექანიზმები | Allnews.Ge

რა ხარვეზებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რას გულისხმობს მისი კონტროლის მექანიზმები

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა.

მას შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებს საშუალება აქვს სამედიცინო მომსახურებით სრულიად უფასოდ ან გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.

ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა, თუმცა, მათი თქმით, პროგრამას გარკვეული ხარვეზები აქვს, რომლის გამოსწორებითაც აღნიშნული პროგრამა უფრო ეფექტური გახდება.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, კაკი ზოიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხარჯის შეკავების მექანიზმის შემუშავებაა.

"ხარჯის შეკავების მექანიზმი გულისხმობს ახალი ანაზღაურების მეთოდიკას, ასევე მნიშვნელოვანია გარკვეული კორექტირების შეტანა თვითონ ტექნიკურ ფორმატში, ამასთან ერთად, საჭიროა ხარისხის კონტროლი და პლიუს, პაკეტის გაფართოება ამბოლატორიულ დონეზე, ანუ ქრონიკული ავადმყოფებისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

"თუ ხარჯის შეკავების მექანიზმები არ ამოქმედდა, შესაძლებელია ხარჯმა გამოყოფილ ბიუჯეტს გადააჭარბოს. ამ დრომდე, საქართველო ერთ-ერთ ცოტა თანხას ხარჯავს ჯანდაცვაზე არა მარტო მთელ მსოფლიოში, არამედ ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხა უყაირათოდ დავხარჯოთ, საჭიროა ბალანსის დაცვა", - ამბობს კაკი ზოიძე.

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, საჭიროა უფრო მეტად გაკონტროლდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოყოფილი თანხები.

"უნდა გაკონტროლდეს, რამდენად ადეკვატურად იხარჯება სამედიცინო მომსახურებაზე გადარიცხული თითოეული ლარი. რამდენად ხარისხიანია მომსახურება. როცა ასეთი დიდი პროექტები არსებობს სახელმწიფო დაფინანსებდან, არის რისკი, რომ ხარისხის კონტროლი არ იყოს შესაბამისი.

ალბათობა დიაგნოზის დამძიმების, ფასის ხელოვნურად გაძვირების, მაღალია, ამიტომ საჭიროა კონტროლის გამკაცრება.

"საჭიროა გაკონტროლდეს, გამოყოფილი თანხა საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე, რამდენად სჭირდება ყველა ის გამოკვლევა პაციენტს, რაც დაუნიშნეს, ხელოვნურად ხომ არ გაიბერა თანხები და ა.შ.", - ამბობს ირაკლი სასანია.

Allnews.ge დაინტერესდა ტარდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგი და როგორ კონტროლდება აღნიშნული პროგრამიდან გამოყოფილი თანხები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების მონიტორინგი სხვადასხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებითაა დარეგულირებული.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგი 4 ეტაპიანია:

1. საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტში არსებობს სპეციალური სამმართველო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს კლინიკებში - კერძოდ, ადგილზე შერჩევით შემთხვევების შემოწმებას, აფასებს არსებულ რისკებს, განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევებში.

2. კლინიკები წარმოადგენენ შესრულებული სამუშაოების ანგარიშგებებს, ხდება მათი ინსპექტირება და ამის საფუძველზე ირიცხება სახელმწიფოსაგან თანხა.

3. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი დამატებით კონტროლს ახორციელებს და ადგილზე ამოწმებს პაციენტის თუ შემთხვევის ისტორიას და დოკუმენტაციას.

4. ადგილზე ხდება სამედიცინო დოკუმენტაციის რევიზია - ანუ მომსახურების ხარისხის შესწავლა, რომელსაც ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტო ცალკე შეისწავლის", - განაცხადეს უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, 2013 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოიყო 88 მილიონ 281 ათასი ლარი, 2014 წელს 573 მილიონ 624 ათასი ლარი, 2015 წელს 573 მილიონ 624 ათასი ლარი, ხოლო, 2016 წელს 570 მილიონი ლარი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz