22 წლის გოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება | Allnews.Ge

22 წლის გოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სალომე აქირთავა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

დედა-შვილი გუშინ ანაკლიაში გაჩერებაზე იდგნენ და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც სალომე აქირთავას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

myquiz