რატომ იზრდება კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა | Allnews.Ge

რატომ იზრდება კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა

საქართველოში, ძირითადად კი, დედაქალაქში სულ უფრო იმატებს კერძო სკოლების რაოდენობა.

მიმზიდველი პირობები, ხელმისაწვდომი გადასახდი და სწავლის ხარისხი ხშირად მშობლებს უბიძგებს შვილი კერძო სკოლაში მიიყვანოს ან საჯაროდან კერძოში გადაიყვანოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა კერძო სკოლებში მატულობს, საჯაროში კი მცირდება. მაგალითად, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა იყო 576 624, 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისისთვის - 506 659, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 498 873.

მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

რაც შეეხება მოსწავლეების რაოდენობას კერძო სკოლებში, საქსტატის მონაცემებით, 2007-2008 წლის სასწავლოს წლის დასაწყისისთვის, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა იყო 38 043, 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში 52 756, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 55 041.

როგორც ALLNEWS.GE-სთან განათლების საკითხების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, კონკრეტული მიზეზების დასახელება, თუ რატომ მცირდება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და იზრდება კერძოში, ძნელია.

"მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, თუ კონკრეტული კვლევა არ ჩატარდა, ამაზე საუბარი იქნება რთული. შესაძლოა, მიზეზი იყოს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით პირობების უფრო მეტი გაუმჯობესება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კრიმინალური მდგომარების გაუარესება საჯარო სკოლებში და გარანტირებული უსაფრთხოების მიზნით მშობლის მიერ ბავშვის კერძო სკოლებში გადაყვანა და ა.შ.

"განათლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, საქართველოში კერძო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უკეთესი შედეგი საერთაშორისო კვლევებში, მაგრამ ეს მიღწევა რითია განპირობებული, ამის დასახელება საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება მხოლოდ იმით იყოს განპირობებული, რომ კერძო სკოლებში სწავლობენ უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ბავშვები და მშობელთა ჩართულობა იწვევს ამ უკეთეს შედეგს და არა უშუალოდ ის, რომ სწავლება კერძო სკოლაში უკეთესია", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

რა ხდება ჩინეთის ოლიმპიურ სკოლებში, სადაც მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები იზრდებიან

მისივე თქმით, საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობის ზრდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის უკეთესია.

"კერძო სკოლების რაოდენობის ზრდას მივესალმები, ეს ცუდი არ არის. პირიქით, კერძო სექტორის განვითარება და მათ შორის მოსწავლეების თავისკენ გადაყვანა, საჯარო სკოლებსაც უბიძგებს ხარისხი გააუმჯობესოს და უფრო მეტი კონკურენცია შექმნას, განსაკუთრებით საქალაქო დასახლებებში, სადაც კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

განათლების საკითხების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, დროთა განმავლობაში კერძო სკოლები უფრო მიმზიდველი ხდება.

"იქ უფრო მარტივია მოხვედრა, ზოგგან გადასახადი ძალიან დაბალია და ასე იზიდავს მოსწავლეებს, ასევე კერძო სკოლების რაოდენობა დედაქალაქის გარეთაც იზრდება და პატარა დასახლებებშიც ჩნდება. კერძო სკოლები უფრო უსაფრთხოა, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას მშობლების ინტერესებს, ხშირ შემთხვევაში უფრო კარგი სპეციალისტები ჰყავთ და ამითაც ინტერესდებიან მშობლები.

სკოლა მასწავლებლების გარეშე

"პრობლემა ორივე სკოლაშია, თუმცა საჯარო სკოლაში გაცილებით ბევრი პრობლემაა, რასაც მშობელი გაურბის და ბავშვი კერძო სკოლაში გადაჰყავს. მაგალითად, პრობლემაა განათლების ხარისხი, ის რომ ბავშვების ნაწილი დემოტივირებას ახდენს საკუთარი კლასელების იმითი, რომ არ სწავლობენ. ხშირად მასწავლებლების გარკვეული ნაწილი არასათანადოდ ეპყრობა ბავშვებს.

ამას გარდა, მშობლებს ხშირად სურთ, რომ მათი შვილები გარკვეულ სოციალური წრეში მოხვდნენ, ამიტომაც შეჰყავთ შვილები უფრო პრესტიჟულ სკოლებში, სადაც სწავლობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც მათ შვილებს მომავალში დაეხმარებიან კონტაქტებით და ა.შ", - ამბობს ჯანაშია.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საჯარო სკოლები.

"არის რაღაც მიმართულებები, რომელშიც საჯარო სკოლები კერძოს ჯერჯერობით ჯობნის, მაგალითად, საჯარო სკოლებში დაწყებით კლასებში ყოველ წელს ჩუქნიან კომპიუტერებს, ასეთი მიმართულებები უფრო მეტად რომ განვითარდეს, საჯაროს შეუძლია კერძო სკოლას კონკურენცია გაუწიოს", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

 

თეა ბეჟიტაშვილი

 

myquiz