საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება ხშირად თვეში 20 000 ლარს აჭარბებს | Allnews.Ge

საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება ხშირად თვეში 20 000 ლარს აჭარბებს

საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიღებული ანაზღაურება თვეში ხშირად 20 000 ლარს აჭარბებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 2011-2015 წლებში ცესკო-ს წევრთა და თანამშრომელთა ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციის მიერ, ცესკო-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2013 წლის საარჩევნო პერიოდში, სექტემბრის თვეში, ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას თანამდებობრივი სარგოს სახით აღებული აქვს 6 720 ლარი, დანამატი კი 10 080 ლარი, ოქტომბერში თანამდებობრივმა სარგომ 10 080 ლარი, დანამატმაც იგივე ოდენობა - 10 080 ლარი შეადგინა, ნოემბერში თანამდებობრივმა სარგომ 7, 056 ლარი, დანამატმა კი 15 120 ლარი შეადგინა. 2014 წლის საარჩევნო პერიოდში, აპრილის თვეში თამარ ჟვანიას აღებული აქვს თანამდებობრივი სარგოც, პრემიაც და დანამატიც - შესაბამისად - 7 896, 5 040 და 5 305 ლარი.მაისში თანამდებობრივმა სარგომ 10 080 ლარი შეადგინა, ამავე მოცულობის იყო დანამატიც, სარგოსა და დანამატის იგივე მაჩვენებელია ივნისის თვეშიც. ხოლო ივლისში თანამდებობრივმა სარგომ 8 617 ლარი, თანამატმა კი, 15 120 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, 2012 წლის საარჩევნო პერიოდში, აგვისტოს თვეში მას თანამდებობრივი სარგოს სახით აღებული აქვს 9 600 ლარი, ხოლო პრემია 6 240 ლარი. სექტემბერში თანამდებობრივი სარგო 9 600 ლარი, პრემია 1200 ლარი, ხოლო დანამატი 9 600 ლარი იყო. ოქტომბრის თვეში თანამდებობრივმა სარგომ 9 600 ლარი, დანამატმა კი 13 200 ლარი შეადგინა. 2013 წლის საარჩევნო პერიოდში ზურაბ ხარატიშვილმა ივლისში 9 917 ლარის თანამდებობრივი სარგო, 2016 ლარის პრემია და 5 040 ლარი დანამატი აიღო. აგვისტოში კი თანამდებობრივი სარგო 6178 ლარით, პრემია 5 040 ლარით, დანამატი კი, 1788 ლარით განისაზღვრა.

"საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგო ისედაც გაორმაგებულია. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკას წლების განმავლობაში, როგორც წესი, კიდევ თითქმის ერთი ამდენი მოცულობით ხდება დანამატების გამოწერა. რეალურად, გაორმაგებული კი არა, გაოთხმაგებული გამოდის საარჩევნო პერიოდში ანაზღაურება. დანარჩენ პერიოდსაც თუ შევხედავთ, სულ რამდენიმე თვეა, როდესაც არც პრემია და არც დანამატი არ გაცემულა.

ძირითადად ხდება ერთმანეთთან ჩანაცვლება, ან ორივეს გაცემა. არასაარჩევნო პერიოდშიც კი, გაცემული პრემიების და დანამატების ჯამი 50%-დან 200 %-მდე მერყეობს, რიგ შემთხვევაში, 250 %-საც კი აჭარბებს", - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ცესკო-დან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე კარგად ჩანს, რომ წლების განმავლობაში პრემიებისა და დანამატების განუსაზღვრელი ოდენობით და პერიოდულობით გაცემა სისტემატური ხასიათის პრობლემაა.

 

myquiz