"დაკონსერვებული" პროექტი - როდის გადაიტანენ რკინიგზას თბილისის პერიფერიაში | Allnews.Ge

"დაკონსერვებული" პროექტი - როდის გადაიტანენ რკინიგზას თბილისის პერიფერიაში

დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი რკინიგზის ხაზის პერიფერიულ ნაწილში გადატანას ეხებოდა. თუმცა, ეს არის საკითხი, რომელიც დღემდე გადაუჭრელია.

"მნიშვნელოვანია რკინიგზის ხაზის გადატანა პერიფერიულ ნაწილში, რითაც გამოთავისუფლდება კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცე ქალაქის ცენტრალურ უბნებში", - ვკითხულობთ ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში.

აპირებენ თუ არა რკინიგზის გადატანას და რა ეტაპზეა ეს საქმე, ამ კითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ.

"რკინიგზის გადატანა აუცილებლად მოხდება. თუ როგორი სცენარით, ამას გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი განსაზღვრავს. ამ ეტაპზე, საქართველოს რკინიგზის მიერ მერიაში წარმოდგენილია შემოვლითი რკინიგზის 3 სცენარი. წარმოდგენილი სცენარები, რომელიც არ უნდა შეირჩეს, გაცილებით მომგებიანია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. იგი ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, თავისუფლდება 70 ჰექტრამდე ტერიტორია", - გვითხრეს თბილისის მერიაში.

ALLNEWS.GE-სთან საუბრისას, რკინიგზის გადატანის მნიშვნელობას სპეციალისტები აფასებენ.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, რკინიგზის თბილისის პერიფერიაში გადატანა დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავს.

"გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჩვენს დედაქალაქზე გაიარა რკინიგზამ, მაშინ თბილისში 200 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობდა და პრაქტიკულად მოძრაობის ის ინტენსივობა, რაც მაშინდელ სარკინიგზო მიმოსვლას ჰქონდა ჩვენი დედაქალაქის გავლით, ისეთი მაღალი არ იყო, რომელსაც სერიოზული რისკის შექმნა შეეძლო თბილისისთვის.

"მაგრამ დრო შეიცვალა, თბილისი განვითარდა, არასრული მონაცემებით, მილიონნახევარი მაცხოვრებელია, გარდა ამისა, რისკები საკმაოდ მაღალია დედაქალაქის ცენტრში სახიფათო ტვირთების გადაადგილების თვალსაზრისით. ამ მიზნით აუცილებელია რკინიგზის გადატანა, მაგრამ ქალაქის გარეთ რკინიგზის გადატანა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც რისკებს წარმოქმნის თბილისის ზღვისათვის, გარემოსათვის და არ უნდა გაიაროს ისეთ რელიეფზე, რომელიც იქნება წამგებიანი. ამ 3 კომპონენტის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება წარუმატებელი გახადოს გადატანა, მაგრამ იდეა, რკინიგზის ქალაქის გარეთ გატანისა, აუცილებელია", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

მისი თქმით, რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, რჩება გამოთავისუფლებული გზის საფარი, რომლის გამოყენება შეიძლება ან მოძრაობის განსატვირთად ან სწრაფი ელექტრო ტრანსპორტის შესაქმნელად, "როგორიც მაგალითად გერმანიაშია".

"რკინიგზის გადატანას ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ ვერ ვხედავ ხელისშემშლელ ფაქტორს, თუ რელიეფი არ ვარგა უნდა შევცვალოთ, თუ გარემოს დამცველებს აქვთ შენიშვნა, უნდა გავითვალისწინოთ, ამდენი ხანი რით ვერ დადგინდა რა უნდა გაუკეთონ ამ რკინიგზას. მაგრამ ადამიანებს არ ჰყოფნით გადაწყვეტილების მიღების გაბედულება თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხშირ შემთხვევაში, ეს სერიოზული პრობლემაა", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, "დაკონსერვებულია" პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისისთვის რამდენიმე მიზეზის გამო.

"პირველ რიგში, ის მნიშვნელოვნად განტვირთავს საცობებს და როგორ, ახლავე აგიხსნით, დღესდღეობით მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები სატრანზიტო გაადგილების კუთხით 37%-ითაა დატვირთული, უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, მაგალითად თქვენ მიდიხართ ვარკეთილიდან გლდანში ან პირიქით, ამისათვის ძირითად შემთხვევაში იყენებთ სანაპიროებს, ზუსტად ეს გზა 37%-ით განტვირთავდა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს გადატვირთული მოძრაობისგან, ეს იქნებოდა ამოსუნთქვა დედაქალაქისთვის.

"რაც შეეხება მეორე მხარეს, განვითარდებოდა იმ გზების მიმდებარე დასახლებები, მაგრამ ყველაზე მთავარი, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო დამატებითი არტერია დედაქალაქისათვის, რომელიც თბილისის ცენტრს განმუხტავდა საცობებისგან იმიტომ, რომ ააცილებდა ტრანზიტულ გადაადგილებას, და აქ არ იგულისხმება მხოლოდ უცხო ქვეყნის მანქანების შემოსვლა.

სამწუხაროდ ეს პროექტი დაკონსერვებულია და სინამდვილეში მერიამაც არ იცის რა პროექტს ამუშავებს, ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თბილისის მერიის ეს შემადგენლობა არათუ ვერ დაასრულებს, ვერც დაიწყებს ამ პროექტს", - ამბობს დავით მესხიშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz