საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების რიცხვი შემცირდა | Allnews.Ge

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების რიცხვი შემცირდა

2015/2016 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ საქართველოდან წასული სტუდენტების რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირდა და 403 შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათი დიდი ნაწილი, კერძოდ, 77 სტუდენტი გერმანიაში წავიდა. მეორე ადგილი ამ მხრივ, პოლონეთმა დაიკავა 67 ქართველი სტუდენტით, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბალტიისპირეთის ქვეყნები იკავებენ - ესტონეთი 29-ით, ლატვია 24-ით, ლიტვა კი 23-ი ქართველი სტუდენტით. რაც შეეხება აშშ-ის, წელს სულ 4 სტუდენტი გაემგზავრა სასწავლებლად ამ ქვეყანაში.

შედარებისთვის 2014/2015 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ 434 ქართველი სტუდენტი წავიდა სასწავლებლად. 2013/2014 წლებში კი 562 სტუდენტი.

თუმცა, როგორც ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, საზღვარგარეთ წასული სტუდებტების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია:

"აღრიცხვა ამ ადამიანების ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძირითადად სტატისტიკა რაც გვაქვს ეყრდნობა იმას, თუ რას აწვდიან სასწავლებლები სახელმწიფოს. ამგვარად ეს სტუდენტები არიან მხოლოდ გაცვლითი პროგრამებით წასული სტუდენტები და ამ სტატისტიკაში არ შედის საკუთარი ინიციატივით წასული სტუდენტების რაოდენობა".

მისივე თქმით, საზღვარგარეთ განათლებამიღებული ადამიანები კვლავ უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც უმაღლესი განათლება საქართველოში აქვთ მიღებული.

"მსგავსი რამ ხშირად ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დასაქმების შესაძლებლობები არის დაბალი. როდესაც სამუშაო ადგილები ცოტაა, დასაქმების მსურველი ბევრი და საკონკურსო ადგილას მოდის ბევრი ადამიანი, მაშინ დამსაქმებელი ეძებს იმას, რომელსაც განსხვავებული განათლება აქვს მიღებული. უცხოეთში მიღებული განათლება კი ამ ღირებულებებსაც ატარებს. ჩვენი უნივერსიტეტის განათლება თვისებრივად რომ იგივე იყოს, შეიძლება საქართველოში განათლებამიღებული სამუშაოს მაძიებელი მაინც ვერ გახდეს კონკურენტული", - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.

საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა პროგრამა არსებობს. მათ შორის არის უცხოური საგანმანათლებო ფონდები, ამასთან, ართველი სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას საზღვარგარეთ სწავლას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული საერთაშორისო განათლების ცენტრიც უფინანსებს.

თამთა ჯიჯავაძე

myquiz