ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის - ფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო მოქალაქეს, შესაძლოა, პატიმრობა მიუსაჯონ | Allnews.Ge

ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის - ფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო მოქალაქეს, შესაძლოა, პატიმრობა მიუსაჯონ

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კერძოდ, 11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც მომხმარებელ "სპლიყვი", გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე "თავდასხმის" შესახებ წერდა.

მეტი დამაჯერობლობისათვის წულაძემ ტექსტს Google Map-იდან ამოღებული სურათი დაურთო, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველმა ორგანოებმა იგი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (მუხლი 326, მეორე ნაწილი ) ედავებიან, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს ჩაინიშნა.

სულხან წულაძის მხარდასაჭერად ფორუმზე გაიხსნა პეტიცია, სადაც ხელმოწერები გროვდება.

სად გადის ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის? და დასჯადია თუ არა იგივე ქმედება, როდესაც საქმე ჩვეულებრივ მოქალაქეს ეხება?

Allnews.ge კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ესაუბრა.

-ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს მუქარას. იმ ინფორმაციიდან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჩანს, რომ ფორუმის ამ მომხმარებლმა დაწერა თუ როგორ აპირებდა თავს დასხმოდა ადამიანს. თუ ამას სერიოზულად შევხედავთ, რეალურად ეს იყო გეგმის გაცხადება, რომელიც წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, წაგვიყვანს დანაშაულის მომზადებისკენ.

მაგალითს მოგიყვანთ, შესაძლოა მე განვაცხადო, რომ აქედან უნდა მოვკლა ბარაკ ობამა და დავიჭირო ხელში იარაღი. გამოძიება ვალდებულია შეაფასოს, რომ მე, აქ მყოფს, მიჭირავს იარაღი და რამდენად რეალურაა აქედან აშშ-ში რაიმე საფრთხე შევუქმნა ობამას?

-რამდენად ადეკვატურია, რომ ფორუმზე გახსნილი თემა გამოძიებამ ჩათვალოს მტკიცებულებად და საქმის აღსაძრელად გამოიყენოს, რეალურად სად გადის ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის?

-საერთოდ, სისხლის სამართლის თეორიაში, მუქარასაც აქვს თავისი განმარტება. ვთქვათ ვიღაცა გვწერს სოციალურ ქსელში, რომ გიპოვი, მოგკლავ, გცემ და ა.შ. - ეს არ არის საკმარისი იმისათვის რომ მუქარად ჩაითვალოს. ნათქვამი მუქარად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს იმწუთიერი, რეალური და განხორციელებადი.

გამოძიებაც და სასამართლოც ვალდებულია ღრმად შევიდეს ამ ადამიანის გეგმებში.

უნდა შემოწმდეს იმ სერიალის სიუჟეტიც, რომელსაც ეს ადამიანი ახსენებს და ის მოქმედებებიც, რომლებიც აღწერილი იყო ფორუმზე. ანუ თუ დააპირებდა მათ განხორციელებას, რეალურად შეძლებდა თუ არა მათ შესრულებას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამბავი არ დაემგვანოს თოფით თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობას.

მხოლოდ ფორუმზე გახსნილი თემა არ ნიშნავს, რომ ეს მუქარა იყო რეალური და ამ ადამიანს ჰქონდა პირდაპირი განზრახვა.

-მოვლენები ასე მხოლოდ იმიტომ განვითარდა, რომ საქმე ეხებოდა პოლიტიკურ პირს? ზოგადად, როგორია სისხლის სამართლის კოდექსი? ისჯება თუ არა მუქარა ჩვეულებრივ მოქალაქის მიმართ?

-სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს ისეთი მუხლი, რომელიც თანამდებობის პირებს იცავს. რადგან ამ პირთან დაკავშირებით გამოყენებულია 326-ე მუხლის მეორე ნაწილი, ეს ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე, ხოლო უვადო პატიმრობა იქნება იმ შემთვევაში თუ საქმე გვექნება არა მუქარასთან, არამედ უშუალოდ თავდასხმის ქმედებასთან.

რაც შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური თანამდებობა, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz