აფხაზეთში საცურაო კოსტუმით ქუჩაში გასვლა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს | Allnews.Ge

აფხაზეთში საცურაო კოსტუმით ქუჩაში გასვლა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი საცურაო კოსტუმის საპლაჟო ზონების მიღმა ტარებისთვის ჯარიმის შემოღებას აპირებს. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით კანონპროექტი უკვე მიიღო.

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტუმით დაფიქსირებული პირები დაჯარიმდებიან მინიმალური ხელფასის ხუთმაგი ოდენობით", - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, ტიმურ გულიამ.

სოხუმში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ახალი არ არის და მსგავსი წესები მოქმედებს ისეთ ევროპულ კურორტებზეც, როგორებიცაა მალიორკა, ბარსელონა, გრენადა და სხვ.

გავრცელებული ცნობით, საკურორტო სეზონის მოახლოებისას სოხუმის დე-ფაქტო ადმინისტრაცია გეგმავს სპეციალური საინფორმაციო დაფების განთავსებას ქუჩაში, რომელთა საშუალებით ტურისტებს მოქმედი წესის შესახებ გააფრთხილებს.

ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ე.წ პარლამენტში, დიმიტრი შამბამ განაცხადა, რომ პრობლემის გადაჭრის სხვა გზები უნდა მოიძებნოს: დაიდგას დაფები, ტურისტებს დაურიგდეს საინფორმაციო ბროშურები ადგილობრივი ტრადიციების და ჩვეულებების შესახებ.

თავის მხრივ, აფხაზეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ აღნიშნა, რომ შემოღებული ჯარიმა, შესაძლოა, სამართალდამცველთა მხრიდან კორუფციული ქმედებების მორიგი საბაბი გახდეს.