საკრებულოს წევრები 60 000 ლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი და იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, გატარებული საგამოძებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი მათეშვილი, ამავე საკრებულოს წევრი იოსებ ბეგიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა.
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სანსახურის მიერ ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 15 წლამდე ვადით.