კლინიკები ფასს უმატებენ, დაზღვევას ფული აკლდება | Allnews.Ge

კლინიკები ფასს უმატებენ, დაზღვევას ფული აკლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, ფული წელსაც დააკლდეს. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პროგრამა კვლავ დეფიციტურია და ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის სავარაუდოდ, ისევ 100 მილიონის დამატება მოუწევს.

ხარჯების ზრდის მთავარ მიზეზად სპეციალისტები არასრულ მონიტორინგს და მიზნობრიობას ასახელებენ. ზოგჯერ კლინიკა პაციენტს ფორმა #100-ში სხვა ნოზოლოგიას უწერს, რეალურად კი სხვა ოპერაციას აკეთებს, რომელიც უფრო იაფი ღირს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკაში სულ 2 დღე იმყოფება, დოკუმენტურად კი 5-6 დღე ფორმდება.

საავადმყოფოების მიერ დარღვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. დავით სერგეენკოს მოადგილე ზაზა სოფრომაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებს, რომ სამინისტრო აპირებს კონტროლის გამკაცრებას. რაც შეეხება პროგრამის ფინანსურ მხარეს, ამ ეტაპზე ხარჯვა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვა, მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, 2016 წელს არ გაძვირებულა, თუმცა პროგრამის ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, არასწორად შევსებული ფორმა #100 და კლინიკების მიერ "გაბერილი" ფასი იყოს.

სამედიცინო კლინიკების მხრიდან დარღვევები რომ არსებობს, ამას თავად რიგითი პაციენტებიც ხვდებიან, თუმცა ღიად საუბარს ყველა გაურბის. ჩვენი ორი რესპონდენტი დეტალებზე საუბარს მხოლოდ კონფიდენციალურობის სრული დაცვის მიცემის შემდეგ დაგვთანხმდა.

40 წლის გიორგი გ. დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული. სპეციალურმა მილმა, რომელიც ასეთ დროს გამოიყენება, გიორგის ყელი დაუზიანა, ამიტომ გონებაზე მოსვლიდან რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. გიორგი ამბობს, რომ ეს ოპერაცია არ იყო ძალიან რთული და ძვირადღირებული, თუმცა ფორმა #100-ში კლინიკამ სხვა ნოზოლოგია ჩაუწერა, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

"ამ ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა 70%-ით აფინანსებდა, მე უნდა დამემატებინა 30%, მაგრამ ერთი თეთრის გადახდაც არ დამჭირვებია, რადგან სახელმწიფომ იმაზე მეტი გადარიცხა კლინიკაში, ვიდრე ეს ოპერაცია ღირდა. მე კარგად ვარ, მაგრამ ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს სამედიცინო სფეროში", - გვითხრა გიორგიმ.

38 წლის ლელა ბ-ს გინეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ექიმებმა ის ბოლომდე არ დაასრულეს.

"დაახლოებით ერთი თვის წინ სასწრაფომ ერთ-ერთ კლინიკაში გადამიყვანა, ოპერაცია ჩამიტარეს. შემდეგ მითხრეს, რომ 4 თვის შემდეგ კიდევ უნდა გავიკეთო ოპერაცია. როცა ვიკითხე, რაღა ოპერაცია მჭირდებოდა კიდევ, მითხრეს, რომ საკვერცხეა მთლიანად დაზიანებულიო. მერე ვიკითხე, თუკი საკვერცხე დაზიანებული იყო, რატომ ოპერაციისას არ ამომკვეთეთ-მეთქი, ასეთი პასუხი მივიღე - ყველაფერი ფული ღირსო. ესე იგი, გამოდის, რომ ერთი ოპერაციის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ორ ეტაპად აკეთებენ. სხვათა შორის, მანამდე ჩემმა ახლობელმა ზუსტად იგივე ოპერაცია გაიკეთა სხვა კლინიკაში და მას ყველაფერი ერთად მოუწესრიგეს", -გვითხრა ლელამ.

საავადმყოფოებში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც. იგი ადასტურებს, რომ სამინისტრო აპირებს კონტროლის გამკაცრებას.

"უამრავი დარღვევა არსებობს. სწორედ ამიტომ ხდება კლინიკების მიერ გაწეული სამუშაოს მუდმივი კორექტირება. ვაპირებთ კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია და რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

ასეთი ფაქტები არაერთია და როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა. ამიტომაც აუცილებელია ხარჯების სრული მონიტორინგი. დეფიციტის მეორე მთავარ მიზეზად ჩიხლაძე არამიზნობრიობას ასახელებს. ამბობს, რომ არ შეიძლება მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ბენეფიციარს პროგრამამ ერთი და იგივე გამოკვლევა თანაბარი პირობებით დაუფინანსოს.

"არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს კლინიკაში ყოფნისთვის ეკუთვნის 2 დღე, სამედიცინო დაწესებულება კი ამას აფორმებს 4-5 დღედ, ანუ რეალურად რამდენიმე დღის ფულს "აწერს" სახელმწიფოს. ასევეა გაბერილი ოპერაციების ფასი და ა. შ. ამის გაკონტროლება კი ჯანდაცვის სამინისტროს არსებული რესურსებით ძალიან გაუჭირდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ისევ ხარჯს, 2016 წლის 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადახარჯვა გაცილებით მეტია. 2015 წლის პირველ კვარტალზე გამოყოფილი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 110 მილიონი ლარი და აქედან 2 თვეში დაიხარჯა 82 მილიონ ლარზე მეტი - გამოყოფილი თანხის 75%-ზე მეტი. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველთვიურად, გადახარჯვა იყო დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი.

"წელს პირველ კვარტალზე გამოყოფილია გაცილებით მეტი თანხა - 161 მილიონი ლარი, გასული 2 თვის მონაცემებით, ამ თანხიდან დახარჯულია უკვე 122 მილიონ ლარზე მეტი, ანუ კვლავ 75%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიური გადახარჯვა არის კიდევ უფრო დიდი - 7 მილიონ ლარზე მეტი. სპეციალისტთა ნაწილი, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ვურჩევთ მთავრობას, რომ გადახედოს ამ პროგრამის მიზნობრიობასა და ხარჯვის ეფექტიანობას.

წინა წელს ხელისუფლებას გაუმართლა და მოიძებნა დამატებით 100 მილიონი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური გარღვევა შევსებულიყო და ეს მოხდა ისევ და ისევ სხვა სამინისტროების უნიათობის ხარჯზე, რომლებმაც ვერ აითვისეს მათთვის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები. წელს კი, ვეჭვობ, ამის რესურსი ჰქონდეს მთავრობას, რადგანაც არჩევნების წელია და წლის ბოლოს აუთვისებელი თანხები ნამდვილად არ იქნება ბიუჯეტში, რომ მოხდეს მისი გადასროლა ჯანდაცვაში. იმის თქმა, თუ რამდენი ლარის დამატება დასჭირდება პროგრამას, 80, 100 თუ 110 მლნ-ს, ამ ეტაპზე ცოტა რთულია.

სანამ დროა, სჯობს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ დაძლიონ თავიანთი სიხისტე და სიჯიუტე და გადადგან ნაბიჯები, რომ ამ პროგრამის ხარჯები გახდეს ეფექტური და მოხდეს ფინანსური სახსრების ხარჯვის მონიტორინგი. კიდევაც რომ გააორმაგონ ან გაასამმაგონ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, რადგან საქმე არის არა თანხაში, არამედ მის მიზნობრივ ხარჯვაში და სწორი პრიორიტეტების დასახვაში", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz