აქცია "არა გაზპრომს" დასრულდა - მომიტინგეებმა მთავრობის კანცელარიასთან ლურჯი ბუშტები გაუშვეს | Allnews.Ge

აქცია "არა გაზპრომს" დასრულდა - მომიტინგეებმა მთავრობის კანცელარიასთან ლურჯი ბუშტები გაუშვეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "არა გაზპრომს" დასრულდა. აქციის მონაწილეები შეკრებილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული.

აქციის მონაწილეებმა დღევანდელი საპროტესტო აქციის დასასრულს ჰაერში ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა გაზპრომს" გაუშვეს იმის ნიშნად, რომ მათ არ სურთ საქართველო დამოკიდებული იყოს რუსულ გაზზე.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ასევე აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის "არა გაზპრომს".

საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ შეეცადოს საქართველო გადართოს რუსულ გაზზე. მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსულ კომპანია "გაზპრომს" დაშორდეს, საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება ვეღარ გაბედავს "გაზპრომთან" დამატებითი და განსხვავებული შეთანხმების გაფორმებას.

როგორც დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა, თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს "გაზპრომის" საქართველოში შემოსაყვანად.

"ჯერ მოვისმინეთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია დამატებითი გაზის მოცემა, შემდეგ მოვისმინეთ, რომ ამას გაზსადენის სიმძლავრე არ ყოფნის, შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ "გაზპრომს" არ შემოვიყვანთ, მაშინ რუსეთი ირანიდან მოამარაგებს სომხეთს და დავიღუპებით, შემდეგ გვითხრეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, აუცილებლად მონეტიზაცია უნდა მოხდეს. ანუ მთელი ეს 6 თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ხელისუფლება ცდილობდა "გაზპრომის" შემოყვანას", -განაცხადა ბაქრაძემ.

myquiz