როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად? | Allnews.Ge

როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად?

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. აბიტურიენტებს ცოტა დრო რჩებათ არჩევანის გასაკეთებლად თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარონ და რომელი პროფესია აირჩიონ.

პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, შეიძლება ითქვას, ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი. დღესდღეობით პროფესიის არჩევისას ბევრი ახალგაზრდა უპირატესობას ანიჭებს იმ პროფესიას, რომელიც პოპულარული და  მაღალანაზღაურებადია. ხშირად ასე არჩეული პროფესია "პროფესიად" რჩება და სხვა მიმართულებით ვცდილობთ საქმიანობის დაწყებას.

თუ როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ ამისთვის, ALLNEWS.GE განათლების ექსპერტსა და ფსიქოლოგს ესაუბრა.

განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, პროფესიის არჩევისას მთავარი შინაგანი მოწოდება და პირადი ინტერესებია, თუ რისი კეთება მოგვეწონება და გაგვხდის ბედნიერს:

"თუ იცი, რომ კონკრეტულ სფეროში შენი ყოველდღიურობა იქნება საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, ასევე, იქნება შენთვის სასიამოვნო სამუშაო რეჟიმი, მაშინ სწორედ ის მიმართულება უნდა აირჩიო".

როგორს ექსპერტი ამბობს, მშობლების ინტერესი გასათვალისწინებელია, რადგან "ხშირად მშობელი დამფინანსებელიც არის, თუმცა ისინი უნდა დაარწმუნო იმაში, რომ შენი არჩევანი იქნება გამართლებული".

მისივე თქმით, დღეს, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, პოპულარული სფეროებია ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული. ამასთან სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებების პოპულარობას განსაზღვრავს არა დასაქმების შესაძლებლობა, არამედ "სამომავლო პერსპექტივაში ხელფასის მაღალი ოდენობა".

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსო "აირჩიე პროფესია სწრად" პროგრამის კოორდინატორის, ფსიქოლოგ შორენა შიუკაშვილის თქმით, პროფესიის არჩევისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

"ზოგადად კარიერის დაგეგმვა არ არის ერთჯერადი პროცესი, ჩვენ ვირჩევთ პროფესიას და შემდგომ მთელი ჩვენი ცხოვრება დიდ დროს სამუშაო პროცესში ვატარებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ არჩეული პროფესია შეესაბამებოდეს ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს - უნარებს, ინტერესებს, სურვილებს. არჩეულ პროფესიაში საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოვახდინოთ".

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, პროფესიის არჩევაზე ფიქრი ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს:

"პირველ რიგში, უნდა გავიგოთ უფრო მეტი საკუთარი თავის შესახებ, რა უნარებს ვფლობთ, რა გვაინტერესებს, ამასთანავე უნდა გავიგოთ უფრო მეტი იმ პროფესიაზე, რომელსაც ვირჩევთ, რა უნარებია ამ პროფესიით მომუშავე ადამიანისთვის საჭირო, როგორ სამუშაო გარემოში მოგვიწევს მუშაობა, რა არის ამ პროფესიის დადებითი და რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს. ამას გარდა, თუ მომავალში ამ პროფესიით დასაქმებას ვფიქრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება შრომის ბაზარზე".

ფსიქოლოგის თქმით, საქართველოში პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული მეთოდები კვლავ აქტუალურია, კერძოდ, რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მიმართულება და რას გვირჩევენ მეგობრები, ახლობლები ან მშობლები:

"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისგან რაღაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, რჩევები გავითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენ და არა იმან, რომ ეს პროფესია პრესტიჟულია. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება აღარ იყოს პრესტიჟული".

შორენა შიუკაშვილის თქმით, ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევისათვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამაინისტროს უკვე აქვს საკონსულტაციო ვებგვერდი myprofession.gov.ge, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მასალა, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარება გააკეთოს გააზრებული არჩევანი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz