თბილისში ველობილიკები გაჩნდება | Allnews.Ge

თბილისში ველობილიკები გაჩნდება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი თბილისის ველო ქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსის, ვახტანგ ჯოხაძის ინფორმაციით, კონცეფციის მიზანი ქალაქში ეკოლოგიურად ჯანმრთელი სატრანსპორტო საშუალების, ველოსიპედის დანერგვა და წახალისებაა.

კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის განვითარება რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. საწყის ეტაპზე კი, საჭიროა გადაადგილების მარშრუტების დადგენა და ველო ბილიკების განთავსება. კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყო:

1. ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის გამზირი

2. ჭავჭავაძის გამზირი - მელიქიშვლის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - პუშკინის ქუჩა - შავთელის ქუჩა - ერეკლე მე2-ს ქუჩა.

3. ზაარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი.

რაც შეეხება საპილოტე მარშრუტს, კონცეფციის მიხედვით, ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაკის პარკის დედა ენისა და რიყის პარკებთან დაკავშირებას. აღნიშნული მარშრუტისთვის შერჩეულია ჭავჭავაძისა და რუსთაველის სავალი ნაწილის ან ტროტუარის ზოლი. თავისუფლების მოედნიდან ველობილიკი სამ მიმართუილებად დაიყოფა:

1. ბარათაშვილის და ათონელის ქუჩებნის გავლით დედა ენის ბაღთან

2. ბარათაშვუილის და შავთელის ქუჩების გავლით რიყის პარკთან

3. კ.აფხაზის და ერეკლე მე2-ს ქუჩების გავლით რიყის პარკთან (კ. აფხაზის ქუჩაზე ველობილიკი ერეკლე მე-2-ის მოედნამდე გაგრძელდება).

პროექტის განხორციელების ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

"ამჟამად პროექტი კონცეფციის დონეზე არსებობს.

მიმდინარეობს მუშაობა პირველი საპილოტე მარშრუტის წინასაპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე,

საიდანაც განისაზღვრება პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი და ვადები." - აღნიშნავს ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსი, ვახტანგ ჯოხაძე Allnews.ge - სთან საუბრისას.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz