პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავანი მიწითაა დაფარული | Allnews.Ge

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავანი მიწითაა დაფარული

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავნის მესამედი მიწით არის დაფარული. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და გალავნის მიწით დაფარვაც სწორედ ამას უკავშირდება.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ძველი გალავანი და მიმდებარე ტერიტორია მიწისგან სრულად გაიწმინდება.

"პროექტით გათვალისწინებულია, რომ ადგილზე ჩატარდეს საბურღი სამუშაოები. პროექტიდან გამომდინარე საჭირო გახდა, რომ შეტანილი ყოფილიყო მიწა. მიწისგან კედელი აბსოლუტურად შემოფარგლული და დაცულია. როდესაც საბურღი სამუშაოები დასრულდება, მას შემდეგ მიწა იქნება გამოტანილი და ტერიტორია გასუფთავებული. პროექტში გათვალისწინებულია მიწის შეტანა, შემდეგ გასუფთავება და ტერიტორიისთვის პირვანდელი სახის მიცემა, როგორიც მიწის შეტანამდე ჰქონდა," – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი წერეთელმა.

ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. ქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების დასრულება, მერიის ინფორმაციით, 7 ივლისისთვის იგეგმება.