შემცირდება თუ არა მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში | Allnews.Ge

შემცირდება თუ არა მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღის რეისების შეჩერების მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. სამუშაოები ორ ფაზად შესრულდება. პირველი ფაზა 1-ელი მარტიდან 26 მარტის ჩათვლით გასტანს, მეორე კი 27 მარტიდან 1-ელ ივლისამდე.

"ტავ ჯორჯიას" განმარტებით, ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით.

როგორ აისახება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების დროებით შეჩერება ტურისტების რაოდენობაზე და რა გავლენა ექნება მგზავრთა ნაკადზე?

ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში, დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო, გადადებული რეისები ცუდად აისახება ტურიზმზე, მგზავრთა რაოდენობა კი აუცილებლად შემცირდება. ,,უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტს ორგვარი ეფექტი ექნება: პირველი მოკლევადიანი, რაც გულისხმობს, რომ ცუდად აისახება ტურიზმზე და მათი ნაკადი თუ არ შეჩერდა, შემცირდება მაინც. ხანგრძლივი ვადისთვის კი ეს შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს, ვინაიდან მომავლისათვის სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება. თუ სამუშაოები გონივრულ ვადაში დასრულდება, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების თვალსაზრისით, თავისთავად კარგია", - აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, ტურისტული სექტორისთვის დამაბრკოლებელი იქნება ღამის რეისებზე გადასვლა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ღამის ფრენები ისედაც არ არის კარგი ტურიზმისთვის და ზოგადად, ნორმალურად ითვლება ფრენა, რომელიც არასაძილო პერიოდს განეკუთვნება.

"დღესდღეობით მთელ რიგ აეროპორტებში ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მონაკვეთში ფრენები შეწყვეტილია", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი მალხაზ ჭეშმარიტაშვილი აცხადებს, რომ ამორტიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების დაწყება აუცილებელი იყო, თუმცა კარგი იქნებოდა, მისი რეაბილიტაცია ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად, დროულად განხორციელებულიყო.

,,მთავარია, სარემონტო სამუშაოები დროულად დასრულდეს და ფრენები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდეს იმ პერიოდისათვის, როცა საქართველოში ტურისტული ნაკადი პიკზეა. დღის რეისების შეჩერებას გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქნება და ეს სამთო-სათხილამურო სეზონზე ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე აისახება, თუმცა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია მომავალში საშუალებას მოგვცემს, უფრო მასშტაბური რეისები განხორციელდეს და მისი სარემონტო სამუშაოების დაწყება აუცილებლობას წარმოადგენდა", - აღნიშნავს მალხაზ ჭეშმარიტაშვილი.

myquiz