საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო უკვე არის დაფიქსირებული | Allnews.Ge

საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო უკვე არის დაფიქსირებული

საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო Aedes aegypti  უკვე არის დაფიქსირებული. ინფორმაცია ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ Allnews.ge-თან საუბარში დაადასტურა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

"ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს გადამტანებზე. Aedes aegypti სახეობის კოღო, რომელიც ითვლება გადამტანად, შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, ერთ-ერთ საბურავების საწყობში. შარშან ზუგდიდის შემოგარენში იყო, ასევე საბურავების საწყობში. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ამ ქალაქში არ არის ეს კოღო გავრცელებული, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ვადასტურებთ, რომ ეს კოღო უკვე არის საქართველოში დაფიქსირებული. სხვათაშორის, ეს 60 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ბოლოს საქართველოში ამ სახეობის კოღო სწორედ 60 წლის წინ ნახეს".

მისივე თქმით, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე კოღოებზე ზედამხედველობა აქტიურდება, რაც მთელი თბილი სეზონის მანძილზე გრძელდება, იმისთვის რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, სად და რომელ რეგიონში ბინადრობს გადამტანი.

 

"სწორედ იმიტომ რომ ვიცოდით, ამ სახეობის კოღო დაფიქსირებული იყო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს ფართომასშტაბიანი

სადეზინსექციო სამუშაოები" - აღნიშნა იმნაძემ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოშია გავრცელებული, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (European Centre for Disease Prevention and Control website) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კოღოს გეოგრაფიული გავრცელების რუკაზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ მწერს სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა. იგი ყველაზე მეტად შავი ზღვის პირასა და კუნძულ მადეირაზე ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპული ქვეყნები, სადაც "ზიკას" გამავრცელებელი კოღოა წარმოდგენილი, ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა, ამ ეტაპზე დაავადება თავს არ იჩენს, რადგანაც ზამთრის სეზონზე კოღოები აქტიურები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის განცხადებით, დროა ევროპულმა ქვეყნებმა დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაზე დაიწყონ მუშაობა.